ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა – მეუფე ნიკოლოზი პანსიონზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე ამბობს, რომ იქ “ქუჩიდან წამოყვანილი” ბავშვები ცხოვრობენ, მათთვის კი “ნებისმიერი პირობა უკეთესობაა”

სასულიერო პირის განცხადებით, მეტანია, რომელსაც არსებული ინფორმაციით, პანსიონატში მყოფ ბავშვებს დასჯისთვის აკეთებინებენ, დასჯა არ არის.

“თქვენ გაგიკეთებიათ მეტანია? რომ არ გაგიკეთებიათ, იმიტომ ამბობთ. როგორ შეიძლება, მეტანია დასჯის მეთოდი იყოს? გინდათ მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ჩვენ ვაჩვევთ იმას, როგორ იცხოვროს ღვთისათვის. ლოცვა შეიძლება დასჯა იყოს? მეტანია ლოცვის ატრიბუტია, პირჯვრის გადაწერა შეიძლება დასჯა იყოს? მამაო ჩვენოს რომ იტყვის და პირჯვარს გადაიწერს ადამიანი… დავსაჯე? მეტანიის გაკეთება დასჯა არ შეიძლება იყოს. იქ ქრისტიანული სასწავლებელია, სადაც ბავშვები არიან ქუჩიდან წამოყვანილები. იქიდან წამოვიყვანეთ, ვაცხოვრებთ, ავუშენეთ სახლები. ქუჩიდან წამოყვანილი ბავშვისთვის ნებისმიერი პირობა უკეთესობაა”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის ჩატარების საშუალება არ ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიებაც გამოსცა.

ნინო ლომჯარის თქმით, პანსიონში ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.