“ღამის კოშმარები მაქვს.ვერ ვიძინებ“– ექთნის აღსარება,რომელსაც უიმედო პაციენტების აპარატიდან გამორთვა და სიცოცხლის შეწყვეტა უწევს

ბევრი პაციენტისთვის, ვისაც Covid-19–ის მწვავე ფორმა აქვს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატთან დროული შეერთება სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია.

თუმცა ეს აპარატიც არ არის გადარჩენის გარანტია და მთელ მსოფლიოში მედიკოსებს რთული არჩევანის გაკეთება – აპარატის გამორთვა უწევთ იმ შემთხვევებში, როცა პაციენტის გადარჩენის იმედი აღარ რჩება.

“აპარატის გამორთვა ემოციურად ძალიან მძიმე და მტკივნეულია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მე ვარ პირადად პასუხისმგებელი ვიღაცის სიკვდილზე“ – აღიარებს ექთანი ხუანიტა ნიტლა.

ის ინდოეთის სამხრეთით დაიბადა, თუმცა ბოლო 16 წლის განმავლობაში ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.

ის ლონდონის Royal Free Hospital–ის რეანიმაციის განყოფილების უფროსი მედდაა.

“ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვა, როცა მეტი აღარაფერი დაგვრჩენია, ჩემი სამუშაოს ნაწილია.“– ამბობს 42 წლის ნიტლა.

აპრილის დასაწყისში, როცა ის სამსახურში დილის ცვლაში მივდა, განყოფლების უფროსმა აცნობა, რომ მას კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ–ერთი პაციენტის სიცოცხლის შეწყვეტა მოუწევდა.

პაციენტი ასევე ექთანი იყო, 50 წლის ქალი. ხუანიტას მოუწია მისი შვილისთვის აეხსნა, რა პროცედურის ჩატარება უწევდა.

“ვეცადე დამერწმუნებინა გოგო, რომ დედამისი ტკივილს ვერ იგრძნობდა, ვიკთხე, ხომ არ ქონდა ავადმყოფს რამე უკანასკნელი სურვილი, მათ შორის რელიგიური ხასიათის.“– ამბობს ის.

რეანიმაციის პალატაში საწოლები გვერდიგვერდ დგას, და მომაკვდავი პაციენტის გარდა იქ სხვა ავადმყოფებიც იმყოფებოდნენ, ყველა მძიმე მდგომარეობაში, ბევრი უგონოდ. ხუანიტა ყვება, რომ ფარდა გააფარა და აპარატურას პირველ რიგში ხმა გამოურთო. პალატის მთელი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა.

“ექთნები დადუმდნენ. ადამიანის ღირსება და პაციენტის კომფორტი ხომ ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა“ – ამბობს ნიტლა.

შემდეგ ავადმყოფის ყურთან ტელეფონის ყურმილი მიიტანა და შვილს დედისთვის გამოსამშვიდობებეი სიტყვების თქმის უფლება მისცა.

“ჩემთვის ეს უბრალოდ სატელეფონო ზარი იყო, მისი ოჯახისთვის კი უზარმაზარი მნიშვნელობა ქონდა. რა თქმა უნდა, მათ ერჩივნათ ვიდეოზარის საშუალება ქონოდათ, თუმცა სამწუხაროდ რეანიმაციაში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალულია“– ამბობს ხუანიტა.

მომაკვდავის ნათესავების თხოვნით ხუანიტამ კომპიუტერზე მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ვიდეოკლიპი ჩართო, შემდეგ კი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთო.

“გვერდით ვეჯექი და მისი ხელი მეჭირა, სანამ არ გარდაიცვალა“ –ყვება ექთანი.

გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტისა და აპარატიდან გამორთვის შესახებ მედიკოსების ჯგუფი ავადმყოფის მდგომარეობის დეტალური შეფასების შემდეგ იღებს. ითვალისწინებენ ასაკს, სამედიცინო ისტორიას, მკურნალობის კურსზე რეაქციას და გამოჯანმრთელების შანსებს.

ნიტლას პაციენტი აპარატის გამორთვიდან ხუთ წუთში გარდაიცვალა.

“ვხედავდი მონიტორზე როგორ აციმციმდა განგაშის სიგნალები, შემდეგ კი კარდიოგრამამ ეკრანზე სწორი ხაზი აჩვენა. გული გაჩერდა“.

ამის შემდეგ მედდამ წვეთოვანი მოაშორა პაციენტს, რომელიც მის სისხლს სედატიურ პრეპარატებს აწვდიდა.

პარალელურად კი ქალიშვილი, რომელმაც არ იცოდა რა ხდებოდა პალატაში დედასთან ტელეფონით საუბარს და ლოცვების კითხვას განაგრძნობდა.  ნიტლა იძულებული იყო ყურმილი აეღო და მისთვის შეეტყობინებინა, რომ ყველაფერი დამთავრდა.

როგორც ექთანი ამბობს, პაციენტის გარდაცვალებით მისი მოვალეობები არ სრულდება. კოლეგების დახმარებით ის გარდაცვლილს ბანს, თეთრ სუდარაში ახვევს და სპეციალურ ტომარაში დებს.

კორონავირუსის ეპიდემიამდე პაციენტების ნათესავები პირადად განიხილავდნენ ექიმებთან თერაპიის შეწყვეტის პროცედურას. ადრე მათ უფლება ქონდათ რეანიმაციის განყოფილებაში მაცოცხლებელი აპარატურის გამორთვას დასწრებოდნენ, თუმცა  ეპიდემიის პირობებში ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი პრაქტიკა აღარ მუშაობს.

“მძიმე სანახავია, როგორ კვდებიან ადამიანები მარტოობაში“– ამბობს ნიტლა. მის სავადმყოფოშიც , ისევე როგორც მსოფლიოში ბევრგან საწოლი ადგილების უკმარისობაა. რეანიმაციაში ყველა ადგილი დაკავებულია. თითო ექთანზე სამი პაციენტი მოდის.

ექთანი ყვება, რომ მას და მის კოლეგებს მუდმივად ეშინიათ დაინფიცირების, და ყოველდღე ლოცულობენ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. ზრუნავენ, რომ დამცავი საშუალებების გარეშე არავინ დარჩეს.

მათ რეანიმაციულ განყოფილებაში ყოველდღიურად ერთი ადამიანი მაინც იღუპება.

“ეს ძალიან დამთრგუნველია. ღამის კოშმარები მაქვს. ვერ ვიძინებ. მეჩვენება, რომ მეც დავინფიცირდები. ყველა ჩემს კოლეგას ეშინია.ყოველი დღის  ბოლოს ყოველთვის ვფიქრობ იმ პაციენტებზე, რომლებიც იმ დღეს გარდაიცვალნენ. თუმცა ვცდილობ სხვა რამეზე გადავერთო, როცა საავადმყოფოდან გავდივარ“– ამბობს ექთანი.