საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ეხმიანება და ამბობს, რომ ნიკა მელიას მიერ “დადგმული შოუ არ აინტერესებს”.
“არ არის ეს საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, არ მაინტერესებს.
მე გეტყვით, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა – რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის არ შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს და ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და არავინ არ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ არავის არ შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა – აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, პროკურატურამ კი თქვა, რომ გუშინ ვეღარ მოასწრო სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართვა.