ყველას, ვისაც გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ინფიცირებული დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ყველა კონტაქტს ტესტირება ჩაუტარდება და თვითიზოლაციაში გადავადა. პარლამენტი მიუხედავად ინფიცირების 1 შემთხვევისა, მუშაობას აგრძელებს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.

სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად”, – აცხადებს პარლამენტის პრესსამსახური.

ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ. ბუკიას ინფორმაციით, ინფიცირების წყარო უცნობია.