ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან.

ადმინისტრაციის ცნობით, “პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არც საზოგადოებაში და არც ევროპელი პარტნიორებისგან არ ჩნდებოდეს კითხვები”.

“ეს არის ქვეყნის რეპუტაციის და იმიჯის საკითხი, რომელიც მოითხოვს გამჭვირვალობას, დიდ სიფრთხილეს და დაკვირვებას, რომ არ არსებობდეს რაიმე საფრთხე და მაქსიმალურად დაცული იყოს მისი ჯანმრთელობა.

ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და სრულად უჭერს მხარს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით”,– წერია ადმინისტრაციის განცხადებაში

ცნობისთვის, დღეს იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზა, რაზეც ის თანხმობას აცხადებს.