შევთანხმდით კოორდინირებულ მოქმედებაზე – ხოშტარია ოპოზიციის შეხვედრაზე

“დროა” ლიდერი, ელენე ხოშტარია ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ მოლოდინი აქვთ პოლიტიკური ნიშნით დაკავებების.

“ჩვენ ძალიან ცხადად ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, აბსოლუტურად პოლიტიზებული პროცესები, რომელიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება მორიგი დაკავებებით პოლიტიკური ლიდერების, ტელევიზიების ხელმძღვანელების და ასე შემდეგ. თუ ქართულ ოცნებას აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, მინდა დავარწმუნო, რომ პირიქით და დღევანდელი შეხვედრაც ამის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ერთიანები ამ საკითხში და შეუძლებელია რაიმე კონფლიქტის და კინკლაობის შემოტანა ოპოზიციაში”,– ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ პროცესში კოორდინირებული იქნება.

ჩვენ შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინირებულ მოქმედებაზე. როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით რეაგირებაზე. ძალიან კონკრეტულ წინადადებებზე შევთანხმდით და ოპოზიცია იქნება კოორდინირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახალი წელს ან რაიმე სახის სხვა ბარიერებს გამოიყენებენ იმისთვის, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესი, გარანტიას ვაძლევთ, რომ არანაირად ეს არც შეუმჩნევლად, არც ურეაგიროდ და არც მშვიდად ქართული ოცნებისთვის არ ჩაივლის. ჩვენ გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”. – თქვა ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ”,– განაცხადა ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური ლიდერები ხვალ დაესწრებიან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესს.