შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე დაამტკიცონ კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე შედის და შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე იგი უკვე დაამტკიცონ.

“ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე, დღეს კლინიკურ კვლევას გადის ცხრამდე ვაქცინა, სამი მესამე ფაზის კვლევებშია, ამიტომ შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა. ვაქცინების გლობალური ალიანსის კოორდინირებით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო.

იქ არის პირობები ვაქცინის მიღების, ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და Astrazeneca-ს ერთობლივი წარმოების ვაქცინა. იქ არის პირობები, რომელსაც წაუყენებენ ქვეყანას, როგორ, რა ეტაპები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით. ამაზე იყო დღეს განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები გასცა”,- ამბობს გამყრელიძე.

26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 436-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 150 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19.