“შესაძლებლობაა ჩვენი კომპანიებისთვის” – მინისტრი რუსეთის ბაზარზე 15 კომპანიის დაშვებაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ეხმიანება რუსეთის ბაზარზე 15 ქართული კომპანიისთვის პროდუქტის ექსპორტის დაშვებას და მას “შესაძლებლობას” უწოდებს.

“2020 წელს დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გარკვეული ინფორმაციის და დოკუმენტების მიწოდების გარდა, რაც საჭირო იყო ამ პროცესისთვის, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ცალსახად მინდა ეს განვაცხადო. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ცხოველური წარმოშობის სურსათის ეს ბაზარი. ეს არის მთელი პროცესი, რაზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასე იყო.

ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, ბოლომდე აამუშაონ თავიანთი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები”,– განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, თუმცა, რუსეთთან გრძელდება სავაჭრო ურთიერთობები და აქვთ ვალდებულებები.

“ბატონი პრემიერის, ხელისუფლების ყველა შტოს მიერ გაცხადებულია, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ჩვენ მეგობარ ხალხს. ეს ცალსახაა და ეს ერთი საკითხია. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, რომელიც არის რუსულ მხარესთან, ეს ურთიერთობები არსებობს ამ ეტაპზე და ჩვენ ვალდებული ვართ, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, მეწარმეების, ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა ამ საკითხს. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვას გასცემს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთთან ვაჭრობა, როცა ისინი უკრაინას ბომბავენ, დაუშვებელია.