“შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი” – თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უკრაინაში რუსეთის შესაძლო “მცირე შეჭრასთან” დაკავშირებით.

პრესმდივნის თქმით, ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, რომ თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაადგილდება უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის ხანგრძლივი გამოცდილებიდან, რომ რუსებს აქვთ აგრესიის ვრცელი სია, რომელიც შეიძლება არ მოიცავდეს სამხედრო მოქმედებებს, მათ შორისაა კიბერთავდასხმები და გასამხედროებული ტაქტიკა. და მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოჰყვება”,– აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

“მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე უკრაინაში.