ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.

მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ ვუჩიჩმა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება შედეგების გამოცხადებამდე აღიარა.

სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 50,84% მიიღო.

ამავე მონაცემებით, ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სიას მხარი ქვეყნის ამომრჩეველთა 40,41%-მა დაუჭირა.

საარჩევნო ბიულეტენებში სულ 18 პარტია და საარჩევნო სია იყო წარმოდგენილი, თუმცა მათგან 15-მა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო.

ვუჩიჩმა დამარცხება მანამდე აღიარა, ვიდრე საარჩევნო კომისია ამ მონაცემებს გამოაქვეყნებდა. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, „სტუდენტური სია“ 135-დან 140-მდე სადეპუტატო მანდატს მიიღებს.

„მინდა გაცნობოთ, რომ სტრატიფიცირებული შერჩევის საფუძველზე მიღებული მონაცემებით, სრულიად ნათელია: ეს არჩევნები წავაგეთ. გაიმარჯვა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ჩამოყალიბებულმა „სტუდენტურმა სიამ“. ის 135-დან 140-მდე სადეპუტატო მანდატს მიიღებს, ჩვენ კი — დაახლოებით 105-ს“, — განუცხადა ვუჩიჩმა თავის მხარდამჭერებს.

მისი თქმით, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ მილიონ 720 ათასი ხმა მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „პარლამენტში არცერთი სხვა პარტია არ გასულა, გარდა, შესაძლოა, ვოივოდინელი უნგრელებისა — სამი მანდატით, ალბანელებისა — ერთი მანდატით და, როგორც ჩანს, დემოკრატიული მოქმედების პარტიისა (SDA)“.

დამარცხების ასე სწრაფად აღიარების საფუძველი ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა — თითქმის 68% — გახდა.

„დღეს სერბეთის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობით მივიდნენ, რათა თავიანთი ქვეყნის მომავალი განესაზღვრათ. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, — დაწერა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. — მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ერთობლივად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის“.

„სტუდენტურ სიას“ არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მიულოცა. „ახლახან ტელეფონით ვესაუბრე სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ ლიდერებს, რათა მათთვის მიმელოცა, — დაწერა მან X-ზე. — გამიხარდა იმის მოსმენა, თუ რამხელა ძალა შესძინა მათ ამ რთულ ბრძოლაში აპრილში ჩვენმა გამარჯვებამ“.

მადიარი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა პარტია „ტისამ“ არჩევნებში დაამარცხა ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იყო. ვუჩიჩი ორბანს ხშირად „მეგობარს“ უწოდებდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველ სერბეთის პროგრესულ პარტიასა და ახალი სტუდენტური მოძრაობის მიერ წარდგენილ სიას — „სტუდენტები იმარჯვებენ“ — შორის გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვები არცერთი მხარის აშკარა უპირატესობას არ აჩვენებდა — თითოეულს ხმების დაახლოებით 40%-ს უწინასწარმეტყველებდნენ — მიმომხილველთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობა 65%-ს ან მეტს თუ მიაღწევდა, ეს, დიდი ალბათობით, სტუდენტური მოძრაობის სასარგებლოდ იმუშავებდა.

ექსპერტები თავიდანვე უწოდებდნენ მოძრაობას „სტუდენტები იმარჯვებენ“ პირველ სერიოზულ კონკურენტს, რომელსაც სერბეთის მოქმედი ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ დაუპირისპირდა.

გრძელი რიგები და დაძაბული ატმოსფერო

ამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 6,45 მილიონ ადამიანს ჰქონდა. საარჩევნო უბნებთან დილიდანვე რიგები იდგა არა მხოლოდ თავად სერბეთში, არამედ სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, მიუნხენში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოშიც. პარიზში სერბი ამომრჩევლები რიგში კოკისპირულ წვიმაში იდგნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ჯერ კიდევ დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა არჩევნების უმეტესობის მაჩვენებელს — სერბეთის საარჩევნო კომისიის ცნობით, შუადღისთვის ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 25%-ს უკვე მიცემული ჰქონდა.

კვირას, დღისით, დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ „კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრმა“ (CRTA) განაცხადა „დარღვევების დიდი რაოდენობისა“ და საარჩევნო უბნებთან „ძალადობრივი ინციდენტების“ გახშირების შესახებ.

თუმცა პოლიციას არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის არცერთი სერიოზული შემთხვევა არ დაუდასტურებია, იუწყება სააგენტო AFP.

ამასთან, სერბეთში ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული რჩებოდა. ბელგრადში პოლიციამ რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.

მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა, „სტუდენტური სიის“ ათასობით მხარდამჭერი გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდა. თვითმხილველთა თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილების მძღოლები მინებს სწევდნენ და ხმამაღლა რთავდნენ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ჰიმნად ქცეულ ხალხურ სიმღერას — „სამი კოცნა მინდა“. სტუდენტებმა ეს სიმღერა იმიტომ შეიყვარეს, რომ „სტუდენტური სია“ საარჩევნო ბიულეტენში მესამე ნომრითაა წარმოდგენილი.

ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვუჩიჩმა სერბეთის მთავრობის წინადადების საფუძველზე პარლამენტი დაითხოვა. სექტემბრის ბოლოს კი მან პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რათა თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობას სათავეში ჩასდგომოდა.

ბევრმა ექსპერტმა ამ ნაბიჯში ხელისუფლების შენარჩუნების აშკარა მცდელობა დაინახა. ვუჩიჩის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კი მას არ ჰქონდა.

ორწლიანი პროტესტი

თითქმის ორი წელია, სერბეთი მწვავე პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის პერიოდს გადის, რომელიც 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.

მაშინ გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ალექსანდარ ვუჩიჩის კრიტიკოსებმა ტრაგედიის მიზეზად მისი მთავრობის კორუფცია და დაუდევრობა დაასახელეს. ქვეყანაში მასობრივი პროტესტი 2024 წლის დეკემბრიდან გრძელდება.

სტუდენტურმა კომიტეტებმა, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს კოორდინაციას უწევენ, ეჭვქვეშ დააყენეს ვუჩიჩის ლეგიტიმურობა და მისი გადადგომა და სერბეთის პროგრესული პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოითხოვეს.

ვუჩიჩის მხარდამჭერები, თავის მხრივ, სტუდენტებს უცხოური გრანტებით „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

თუმცა სტუდენტური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში ამის შესახებ სიტყვაც არ ყოფილა. მისი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მოძრაობა აერთიანებს როგორც ლიბერალური, ისე ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ადამიანებს.

ვუჩიჩი, რომელიც მხარს უჭერს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, ამომრჩევლებს პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას, ასევე სახელმწიფო ჯანდაცვაში ინვესტიციების გაზრდას დაჰპირდა.

ოპოზიცია ამას პოპულიზმს უწოდებს და მიიჩნევს, რომ კორუფციის ის დონე, რომელსაც ქვეყანამ ვუჩიჩის მმართველობისას მიაღწია, რეფორმების გატარების შანსს არ ტოვებს.

პოპულარული

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება -...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი "...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

ყველა ამბავი

საქართველო ივანიშვილის გარეშე – თსუ–დან რუსთაველამდე ოპოზიციის ორგანიზებით მსვლელობა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველამდე ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია–მსვლელობა გაიმართა.აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა. „გაუქმების...

ფოთში ქმარმა 47 წლის ქალი მოკლა

ფოთში მამაკაცმა 47 წლის ცოლი სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  დანაშაულის ჩადენის...

შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ევროპაში რუსული გაზის დაბრუნება

დონალდ ტრამპი თანმიმდევრულად ხსნის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს: ჯერ ნავთობზე, შემდეგ  დიზელზე, მერე კი  რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონგრესის მიერ ერთხმად...

25-26 ოქტომბრის საკვირველი დღეები

25-26 ოქტომბრის #საკვირველიდღეები:ულიმიტო ინტერნეტი - 25₾ (მაღალსიჩქარიანი 50 000 მბ)50 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 29₾400 წთ...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...