რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა
„სამუშაო გრძელდება. ბუნებრივია, უიტკოფი, როგორც პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, პუტინს თავისი პრეზიდენტისგან რაღაცას გადასცემს. პუტინი მას მოუსმენს. უკრაინის კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე საუბარი გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვი აცხადებს, რომ შეხვედრის დრო გაწერილი არაა და იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც პუტინს დასჭირდება „ერთი საათი, ორი, სამი, ოთხი, საჭიროების შემთხვევაში. რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება.“
FlightRadar24-ის ცნობით, უიტკოფის თვითმფრინავი პარასკევს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგში.
პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინი პარასკევს გეგმავს „უაღრესად მნიშვნელოვანი“ შეხვედრის გამართვას რუსეთის საზღვაო ძალების განვითარების შესახებ.