შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კიდევ 103 ადამიანი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 103 ადამიანი დააჯარიმეს.

შსს-ს ცნობით, აქედან 78 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა.

პოლიციამ 16 მოქალაქე საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმა.

ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 5 ადამიანი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კი, 4 პირი დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.