“ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია“–ნიკა მელია მოშიმშილე პარტიის წევრების სანახავად პარლამენტში არ მივა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ აფასებს კოლეგების საპროტესტო აქტს –  შიმშილობას, თუმცა მათ მოსანახულებლად პარლამენტში “ბევრი მიზეზის გამო” ვერ მივა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მელია ამბობს, რომ თანაგუნდელებთან კომუნიკაციის სხვა გზებს იყენებს:

“დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის, მოშიმშილეების, თუმცა ფიზიკურად ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. იცით ჩემი დამოკიდებულება პარლამენტთან მიმართებით. სხვადასხვა ფორმა არსებობს კომუნიკაციის. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად არ იქნება.

მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას”.

პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი, თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე მეოთხე დღეა შიმშილობენ. მოშიმშილეთა რიგებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოაკლდა კიდევ ერთი დეპუტატი, აბდულა ისმაილოვი.მათი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

17 დეკემბრიდან დეპუტატები შიმშილობას სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, პარლამენტის ფრაქციის ოთახში აგრძელებენ.