“ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე” – გახარია Haqqin-ის ფოტოებზე

“ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე” – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი აზერბაიჯანული მედიის Haqqin–ის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნების მიწოდებაზეა საუბარი.

გახარია ამბობს, რომ “ესაა მხოლოდ მედიით გავრცელებული რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია”. მისივე თქმით, ინფორმაცია საყურადღებო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯელობის საგანი ორ ქვეყანას შორის გახდებოდა და არა მედიით:

“”აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს.

პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება. ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია”,– აცხადებს გახარია.

​აზერბაიჯანული პრო სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან  იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ახლა სომხეთში იმყოფება, საქართველომ კი უკანონო ტვირთის გადასაზიდად  დერეფანი გაუხსნა იარაღით მოვაჭრე ცნობილ კრიმინალს, სლობოდან ტესიჩს.

გამოცემის გავრცელებულ ფოტოებს, რომელშიც სატვირთო მანქანები დგას, გახარიამ “ჩვეულებრივი სატვირთო მანქანები უწოდა”.