„არ ვთვლი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დააყენოს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ახორციელებს პირდაპირი დემოკრატიის აქტს, ის აჩვენებს თავის პოლიტიკურ ნებას, ანუ იძლევა გარკვეულ ინსტრუქციას, რათა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკოსებმა იმოქმედონ. ხალხმა გუშინ აჩვენა საკუთარი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს სვლა ევროსტრუქტურებისკენ უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების სახით. ეს არის ერთგვარი პირდაპირი დემოკრატიის უნიკალური აქტი.

თავიდანვე არ მიმაჩნდა სწორად პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება აქციაზე, რადგან ამას ხელისუფლება განახორციელებს თუ ოპოზიცია, მთავარია, ეს პოლიტიკოსებმა განახორციელონ. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ გააკეთებს ამას, ეს პირდაპირი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არაა. თუ მაინც აყენებ პოლიტიკურ მოთხოვნას, შემდეგი ნაბიჯები უნდა გქონდეს გათვლილი, რაც საზოგადოებას თვითორგანიზების ეტაპზე არ შეუძლია. ეს პოლიტიკოსების საქმეა. ამ დროს ფრუსტრაციის რისკი მაღალია, მითუმეტეს, როდესაც აყენებ მოთხოვნას და წინასწარ იცი, რომ ეს მოთხოვნა შესრულებული არ იქნება. თუ ამ მოთხოვნას აყენებ, შემდეგი ნაბიჯი უნდა გქონდეს გათვლილი, რაც, გამოჩნდა, რომ მაინცდამაინც კარგად გააზრებული არ ჰქონდათ.

სკეპტიკურად განწყობილი არ ვარ. ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან. ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ვინ რას გააკეთებს, ვინ უკეთესად და უფრო ეფექტიანად გააკეთებს, ეს არის უფრო პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რატომ მოხდა ასე? – მოხდა იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ოპოზიციასაც აღარ ენდობა საზოგადოება. ვფიქრობ, თუ გუშინ ასეთი რაღაც მოხდა, ეს საზოგადოების ბრალი კი არ არის, ეს პოლიტიკური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ვერ მოახერხა ამ ნიშის დაკავება და ლიდერობა. არ აღიარებენ ოპოზიციას ამ პროტესტის ლიდერად და შესაბამისად, თუ რაღაც შეუძლიათ, გამოვიდნენ სცენაზე და გვაჩვენონ, როგორ შეიძლება კონკრეტული გეგმით ხელისუფლების იძულება, რათა ხალხის არჩევანი აღასრულოს ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუ არ აღასრულებს, მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლება ჩანაცვლდეს ისეთი პოლიტიკური ძალებით, რომლებიც აღასრულებენ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს.

გუშინ რაც მოხდა, ეს პროცესის ნაწილია და არა მთავარი, გენერალური ხაზი. კარგია, რომ ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა – ეს იყო გუშინდელი აქციის ფუნქცია და ამოცანა. რომ არ ყოფილიყო პოლიტიკური მოთხოვნები ვიღაცის გადაყენება-გადმოყენებაზე, უკეთესი იქნებოდა, თუმცა ამითაც ბევრი არაფერი დაშავებულა”,

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტთან გუშინ გამართული აქცია შეაფასა.