ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში 55%-დან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც არის 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ზოგადად კოალიცია გამორიცხულია, წინ არის კიდევ დაახლოებით 7-8 თვე არჩევნებამდე, მაგრამ არსებით ცვლილებებს ბუნებრივია, არ ველოდებით.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის. მეორე – როცა საუბრობენ კოალიციაზე, აქ სინამდვილეში იგულისხმება ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში. გასაგებია რაც იგულისხმება ამ ყველაფერში – ნაცმოძრაობის გარშემო უნდა შეიქმნას კოალიცია, აქ ჩაერთვებიან სალომე ზურაბიშვილი, ლელო და ა.შ. ეს ყველა ერთი ხალხია, ერთი ნიშნით არიან წარმოდგენილები. აქედან გამომდინარე თუ ვინმე საუბრობს ენმ-ის დაბრუნებაზე ხელისუფლებაში, ეს შეუძლებელია. ვერანაირი შეფუთვით ნაცმოძრაობა ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში.

ერთი ფაქტორი კიდევ ერთხელ, ჩვენი მხარდაჭერა მუდმივად 55%-დან 60%-მდეა. ოპოზიციას რაც შეეხება, ნაცმოძრაობის ბოლო რეიტინგი იყო 18% და ვერც ერთი სხვა პარტია დღევანდელი მოცემულობით ვერ ახერხებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ასეთ პირობებში, ნაცმოძრაობის დაბრუნება ხელისუფლებაში რჩება სალომე ზურაბიშვილის აუხდენელ ოცნებად.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.