ოცნება “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად” კანონპროექტს ამზადებს

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” გეგმავს  მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მათივე მტკიცებით, საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.  მდინარაძემ ამის შესახებ, პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტი, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართელოში დაცულია ადამიანის უფლებები მაღალ დონეზე, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ვთანხმდებით პრინციპზე, რომ არავის და მითუმეტეს ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა…

ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა არ არის და ვერ იქნება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ. ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით – ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იღებს.[…] წარმოებს პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი. მთელ რიგ სახელმწიფოებში დაკანონდა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ოპერაციები და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებიც. აქტიურად გამოიყენება ამ იდეოლოგიის გასავრცელებლად მსხვილი კომპანიები, მედიასაშუალებები, კინოინდუსტრია და ა.შ. მათ შორის ამის მაგალითები საქართველოშიც გვქონდა გახსოვთ ანიმაციურ ფილმებში, სატელევიზიო სერიალებში, თუ სხვა მიმართულებით. ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი არა აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ცხოვრების არატრადიციულ წესს […] ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პროპაგანდას აქტიურად უნდა დავუპირისპირდეთ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოვიყენოთ.

შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების და მისი მომავლის წინაშე. ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული”. – თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მდინარაძე ამტკიცებს,  რომ ეს “ცენზურის დაწესება არ იქნება”.

  • “თქვენ რომ ცენზურას ეძახით, თავისუფალი აზრის გამოხატვას რომ ეძახით ლგბტ პროპაგანდას, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია, ქართულ საზოგადოებას არ მიაჩნია ასე. პირიქით, ვფიქრობთ, რომ ხელოვნებას და მსგავს საკითხებს არ უნდა შევეხოთ, თუ კი სადმე იქნება აშკარა პროპაგანდა ლგბტ საკითხების, ფსევდოლიბერალური ლიბერალური ღირებულებების… მოდი ვიმსჯელოთ ერთად, როგორ დავიცვათ ამისგან ჩვენი მომავალი თაობა. უნდა აიკრძალოს აშკარად პროპაგანდა, რაც უნდა გავარჩიოთ ხელოვნების ნიმუშებისგან, თავისუფალი სიტყვისაგან, ადამიანის უფლებებისაგან”- ამბობს მდინარაძე.

აღსანიშნავია ისიც რომ 2023 წლის 2 მაისს, მოძალადე, პუტინისტური და პრორუსული ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებლი კონსტანტინე მორგოშიას ამტკიცებდა, რომ “ქართული ოცნება” ანტილგბტ კანონის მიღებას აპირებდა. 

  • “მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება, პარტნიორი პარტიების მეშვეობით, მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეიპროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!” – წერდა მორგოშია გასულ წელს. 

გავრცელებული ინფორმაცია, მალევე უარყო როგორც მდინარაძემ ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მათ განაცხადეს, რომ მმართველი გუნდი არ  განიხილავდა “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონის მიღებას. მდინარაძის  თქმით, სამართლებრივი მოსაზრებებით ეს კანონი “არაა მისაღები” და მისი  აზრით არის პრაგმატული არგუმენტიც, რომლის მიხედვითაც “ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს.

პარლამენტის თავმჯდომარემ მორგოშიას ინფორმაცია კი  რუსთავი2-ის ეთერში უარყო:

  • “ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა, ჩვენი საკანონმდებლო პროგრამა და ჩვენ ამით ვმოქმედებთ და მე მგონი, ამას საზოგადოება ხედავს, მეორე მხრივ, ასეთი ინიციატივები არამხოლოდ ცალკეული დეპუტატებისგან, იცით, რომ მათ შორის მსგავსი ინიციატივა აქვთ მოქალაქეების ჯგუფს წარმოდგენილი, იცით, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ხელმოწერების შეგროვების გზით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ ეს ჩვენს დღის წესრიგში არ შედის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. მაგრამ კიდევ ერთხელ ესეც აჩვენებს, მცდელობა რომ არის, რომ მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტები და მათ შორის ასეთი ინიციატივების წამოყენებაც ეს არის ნაწილი გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიისა, რომ მოქალაქეებს და ცალკეულ დეპუტატებს შეუძლიათ წამოაყენონ ინიციატივები, მაგრამ აქ პირდაპირ დაკავშირება, რომ პარლამენტი აპირებს ამის მიღებას, ეს არასერიოზულია. საკანონმდებლო წინადადებებია ხოლმე ხშირად, მოსახლეობასაც მედიის მხრიდან მიეწოდებათ ხოლმე, ისეთი წინადადებები, თითქოს პარლამენტი ახლა განიხილავს ამ საკითხს, იმ საკითხს, ეს არის ნაწილი ინიციატივებისა, რომელიც მოქალაქეებისგან მოდის და აქ უბრალოდ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ, რომ არ ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას”, – განაცხადა პაპუაშვილმა 2023 წლის, 3 მაისს რუსთავი2-ის ეთერში.