“კავკასია” ოცნების ლიდერების სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს არ გააშუქებს

ტელეკომპანია “კავკასია”, მმართველი გუნდის,  აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნების ლიდერების სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს არ გააშუქებს.  განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომელიც მაუწყებლებს უკრძალავს სიძულვილის ენის შემცველი პროგრამის და რეკლამის გავრცელებას.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 29 თებერვლის ბრიფინგზე განაცხადა ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას “ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“ მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში.

მამუკა მდინარაძის ბრიფინგზე გაკეთდა განცხადებები, რომლებიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას (მეორე თავი), ანტიდისკრიმინაციულ კანონს (მუხლი 1, მუხლი2) და რაც მთავარია, საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომელიც მაუწყებლებს უკრძალავს სიძულვილის ენის შემცველი პროგრამის და რეკლამის გავრცელებას. (მუხლი 552. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას).

ტელეკომპანია “კავკასიამ“ მიიღო სარედაქციო გადაწყვეტილება, არ გააშუქოს ეს ბრიფინგი და ქართული ოცნების შემდგომი განცხადებები, რომლებიც დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას და წაქეზებს ძალადობას ან სიძულვილს მისი ეთერით და ონლაინ პლატფორმებით.

მოვუწოდებთ კეთილსინდისიერ კოლეგებს, დაიცვან გაშუქების ეს სტანდარტი. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, მიიღოს ზომები მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან კონსტიტუციის და კანონის დარღვევის ფაქტზე, და შემდომში მყისიერად იქონიოს რეაგირება მსგავს დარღვევებზე მმართველი პარტიის და მედიასაშუალებების მხრიდან ინიციატივის განახილვის პროცესში.

მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო ჯგუფებს, პროაქტიულად ჩაერთონ პროცესში, და კონსტიტუციის და კანონების დამრღვევი მედიასაშუალებების და პოლიტიკური ჯგუფების მიმართ სამართლებრივი დავების ინიცირებაში გაერთიანებული ძალისხმევით.” – ნათქვამია განცხადებაში.