“ჰაუბიცები”, “ბუშმასტერები”, ვერტმფრენები – ნახეთ, რა სამხედრო დახმარებას იღებს უკრაინა

სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის ხელმეორე თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ახლა კი მთავარი შეიარაღებაა, რომელსაც კიევი დასავლეთისგან იღებს. გთავაზობთ შეიარაღების ჩამონათვალს, რომელსაც უკრაინა უახლოეს პერიოდში მიიღებს.

“რუსეთს სურდა კიევის აღება და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. კიევი დღეს კვლავ დგას და მთავრობაც ადგილზეა. ომი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე მინდა იცოდეთ, რომ თუ ომი მომიწევს, მე თქვენთან ერთად ვიომებ,”- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

და რა არის საჭირო ომისთვის ? – იარაღი, ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება. “ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია და მასში სამი საკითხია – იარაღი, იარაღი და იარაღი”.

მოთხოვნას პასუხიც მალევე მოჰყვა. იმავე დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინას დახმარება აღუთქვა. “ენტონი ბლინკენსაც ჰქონდა სამი პასუხი: დიახ, დიახ და დიახ,”– თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

შედეგიც მალევე დადგა. რამდენიმე დღეში პენტაგონმა თქვა, რომ უკრაინა ამერიკისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებდა.

კიევი ვაშინგტონისგან მიიღებს:
  • “ჰაუბიცებს”, 40 000-ს საარტილერიო ჭურვს
  • საარტილერიო რადარებს
  • საჰაერო სარადარო სისტემებს
  • ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემებს
  • 500 “ჯაველინის” რაკეტას და ათასობით სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემას
  • 200 “ემ-113” ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს
  • 100 მრავალფუნქციურ, მაღალი გამავლობის ავტომობილს
  • 11 “მი-17” ტიპის ვერტმფრენს
  • უპილოტო სანაპირო თავდაცვის გემებს
  • ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან დამცავ საშუალებებს
  • სამედიცინო აღჭურვილობას
  • 30 000 ჯავშანჟილეტს და ჩაფხუტს
  • და ბევრ სხვას

“პრეზიდენტმა უკრაინისათვის მორიგი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების არის და უკრაინისათვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფლებაზეა გათვლილი… ზოგიერთი მათგანი აძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწვდიდით უკრაინას, ნაწილი კი არის ისეთი იარაღი, რომელიც აქამდე ჩვენ უკრაინისთვის არ მიგვიწოდებია… ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად,”- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა უკრაინას “ჰაუბიცებს” და “მი-17” ტიპის ვერტმფრენებს გადასცემს, რასაც სამხედრო სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

“ჰაუბიცები ძალიან დიდი საარტილერიო ჭურვებია, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ტანკის შიგნით მყოფ სამხედროებსაც კი. ამ სისტემით მათ შეუძლიათ ზიანის მიყენება 30-40 კილომეტრის მანძილზე, მანამ სანამ მტერი ახლოს მოვა და ახლა უკრაინელებს სწორედ ეს სჭრდებათ,”- ამბობს მაიორი ჯონ სპენსერი.

უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებიდან თითქმის ორი თვეა გასული. ამ პერიოდში კიევმა ვაშინგტონისგან საერთო ჯამში 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კი კიევს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მიაწოდა.

“უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის გამო… უკრაინის გამარჯვების რეცეპტი არის უკრაინელი ხალხის გამძლეობა, პლუს დასავლური იარაღი და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,”- თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორ სახელმწიფოებთან აგრძელებს მუშაობას, რათა კიევმა თავდაცვისთვის საჭირო ყველა იარაღი დროულად მიიღოს და გაიზარდოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.

სწორედ ამერიკის ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღო უკრაინამ სლოვაკეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემა “ეს-300”. სანაცვლოდ კი სლოვაკეთი ვაშინგტონისგან “პატრიოტის” სისტემას მიიღებს. ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, ნატოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ქვეყანაში, რომლებიც კონტროლს გაუწევენ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას.

უკრაინელი ხალხის სიმამაცეს ხაზი გაუსვა კიევში ყოფნის დროს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიზ ტრასმა და უკრაინელ ხალხს დამატებით სამხედრო დახმარებასაც დაჰპირდა. კიევს სამხედრო შეიარაღებას აძლევს გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

გერმანიაში ამ დრომდე მსჯელობენ იმაზე, რა ტიპის ტექნიკა უნდა გაუგზავნოს ბერლინიმა კიევს. კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინამ გერმანიისგან ისეთი ტექნიკა უნდა მიიღოს, რომლის გამოყენებასაც უკრაინელი სამხედროები დაუყონებლივ შეძლებენ. სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი „რეინმეტალი“ მზად არის უკრაინას დაუყონებლივ მიაწოდოს “ლეოპარდ-1” ტიპის 50 ტანკი. კომპანიას გერმანიის მთავრობის თანხმობა დასჭირდება. სავარაუდოდ, მთავრობის მხრიდან თანხმობა იქნება, თუმცა ტაკნების უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, უკრაინელ სამხედროებს დაახლოებით 1 კვირა დასჭირდებათ, რათა ამ ტიპის ტანკების გამოყენება ისწავლონ.

ავსტრალია კიევში „ბუშმასტერებს გზავნის. როგორც თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა თქვა, ამ დროისთვის კონკრეტულ ლოჯისტიკურ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა და უცნობია, როდის ჩავა სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე. ერთი რამ, რაც ცნობილია, არის ის, რომ ავსტრალია უკრაინას 20 “ბუშმასტერს” მისცემს.

ეს ჯავშანტრანსპორტიორი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება იმის გამო, რომ მას ბრტყელის ნაცვლად, სამკუთხედის ფორმის ძირი აქვს, რაც აფეთქების შემთხვევაში, მანქანაში მსხდომ ჯარისკაცებს დამატებით იცავს.

ომის თითქმის ორი თვის თავზე, საბრძოლო მასალების მარაგი იზრდება, რაც უკრაინისთვის გამარჯვების შანსებს ზრდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება ომი.

“ძნელია ამის თქმა. ადრეც ვთქვი თეთრ სახლში და ახლაც გავიმეორებ, არსებობს შანსი, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, ან კიდევ უფრო დიდხანს. რუსული ჯარი აპირებს უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე თავდასხმას და უკრაინა მათი იერიშის მოგერიებას განაგრძობს. მაგრამ ომის მიმდინარეობის ზუსტ და კონკრეტულ თარიღებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები,”- ამბობს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

წყარო: ამერიკის ხმა