100 ათას მოსახლეზე გავრცელებით პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ სისტემამ გაუძლო — იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მიუხედავად იმისა, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში 100 ათას მოსახლეზე პირველ ადგილზეა, ამას ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო.

“შემთხვევების ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა. ამან გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა 100 ათას მოსახლეზე მსოფლიოში გავრცელებით პირველ ადგილზე ვართ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო. მეტს ვერ გაუძლებდა, პროგნოზი რახან იყო გაცილებით უარესი, დაწესდა შეზღუდვები. ჯერჯერობით, ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის”,– ამბობს იმნაძე.

მისივე მტკიცებით, ამ შედეგებამდე წინა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა და თავყრილობებმა მიგვიყვანა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვლა, დადასტურდა ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 045 პირი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 178 953
  • გამოჯანმრთელებულია – 148 332
  • გარდაცვლილია – 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი