19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იყო ჩასული, კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისიდან გურჯაანში, სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე ჩასულ 19 წლის ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდგინდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

დაკრძალვაზე ახალგაზრდას 30-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა მოძიებაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.

,,გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე”,- წერია მერიის განცხადებაში.

საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.