ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს

ლონდონის სამეფო საოპერო თეატრი, კოვენტ-გარდენი ქართველი საოპერო მომღერლისა და პოლიტიკოსის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

კოვენტ-გარდენმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, ჩაერიოს პაატა ბურჭულაძის საქმეში.

პაატა ბურჭულაძე 2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დააკავეს. 2026 წლის 7 მაისს მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ბრალდებით, მათ შორის „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების“ ბრალდებით.

სამეფო ოპერის თეატრის მოწოდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემა The Guardian–მა გამოაქვეყნა.

გამოცემა წერს, რომ 71 წლის არტისტი გამოდიოდა სამეფო ოპერის თეატრსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ლუჩანო პავაროტი, პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში, სამეფო ოპერის კასტინგის დირექტორი, პიტერ კატონა წერს, რომ ბურჭულაძე „დემონსტრაციულად სჯიან, რათა გააფრთხილონ ისინი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას ბედავს“.

ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უწოდებს „პრორუსულ, ავტორიტარულ რეჟიმს“.

„ბატონი ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთითხნილი და უკანონოა. მას მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო დევნიან“, – წერს ის.
„სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტ პოლიტიკურ პატიმარს შორისაა“, – წერს იგი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ პოლიტიკური პატიმრების ყოლას ქვეყანაში და ამბობენ, რომ ყველა მათგანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი.