ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს – ადვოკატი

” გრიგოლ ლილუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს, ჩვენებას არ იძლევა, არ აღიარებს ბრალს” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ხუთივე მოწმემ გამორიცხა ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის რაიმე ფორმით მონაწილეობა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი აქვს მას ე.წ. ბაღების ეპიზოდთან მიმართებაში. არცერთი მოწმის მხრიდან არ დადასტურებულა და არ თქმულა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ე.წ. ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით.

ბრალდების მხარე შესაძლოა ბრალის დადგენილებაში ამბობდეს გარკვეულ პოზიციას, თუმცაღა დასახელებული, ბუნებრივია, უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით.

მოწმეები, გარდა იმისა, რომ არ იცნობენ გრიგოლ ლილუაშვილს და არ უნახავთ არასდროს ეს ადამიანი, არც კი გაუგიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილს რაიმე ფორმით შემხებლობა ან ჩართულობა ჰქონდა დასახელებულ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალთან მიმართებაში.

სასამართლო პროცესები იმიტომ იმართება, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება იქნეს გამოკვლეული და დადგენილი. შესაძლოა, პროკურატურას ჰქონდეს გარკვეული სახის ვერსია, ის მხარეს წარმოადგენს, ჩვენ გახლავართ დაცვის მხარე, ამ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი, რომელიც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გამამართლებელი იქნება.

თავად ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებას ამ ეტაპამდე არ იძლევა, თუმცაღა ცალსახაა, რომ ის არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალს არცერთ ეპიზოდთან მიმართებაში.

სასამართლო პროცესები რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს ჰქონდა პოზიცია, ვინაიდან მართლა ძალიან ბევრი რამ გვაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი სწორედ იმ მტკიცებულებების ფონზე, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რაც ცალსახად ადასტურებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობას. სწორედ ეს გვინდოდა ჩვენ, რომ სოციუმისთვის ყოფილიყო ცნობილი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს უფლებამოსილება შეზღუდული გვაქვს ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერით და მეორე მხრივ, დახურული პროცესებიდან გამომდინარე.

გრიგოლ ლილუაშვილი დღეის მდგომარეობით იმყოფება სამართლებრივი დავის რეჟიმში და ამ პირობებში დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს თუნდაც საჭიროების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით მოხდეს ყველა დონეზე გასაჩივრება თუ აპელირება სამართლებრივი წესით, მათ შორის, საზღვარგარეთაც, ვგულისხმობ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ევროსასამართლოში არამარტო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას წავიღებთ, არამედ გარკვეულ გადაწყვეტილებებსაც, რაზედაც უარი გვეთქვა, მათ შორის, ისეთი სახის ინფორმაციის დაცვის მხარისათვის დამალვა, როგორიც არის მაგალითად გამამართლებელი მტკიცებულებები. დიახ, გამამართლებელი სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, რომელიც სრული მოცულობით ჩვენ არ გადმოგვეცა, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით ასაჩივრებს დაცვის მხარე”, – განაცხადა ადვოკატმა.