„ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ გაფორმდა გუშინ მოსკოვში, ამის კიდევ ერთი მაგალითია. 9 მაისს მოსკოვში აღნიშნული ხელშეკრულების მოწერის დღიდან დღემდე, საქართველოს მმართველ რეჟიმს არც ერთი განცხადება ამ ფაქტზე არ გაუკეთებია. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის მიზნით მშვიდობიანი მანიფესტაციისას, ტროტუარზე დგომისთვის აკავებს, აჯარიმებს, ფიზიკურად უსწორდება – დუმს საქართველოს რეგიონის ღია ანექსიის პროცესზე. დღეს,ეს დუმილი არის რეალურად თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე, შესაბამისად, შეიძლება ვთქვა, რომ ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით.[…] მაინტერესებს, ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მოხდეს რაიმე სახის რეაგირება დასავლეთის ქვეყნებისგან, ევროკავშირისგან, აშშ-სგან და და შესაბამისი ორგანიზაციებისგან ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით. მეტიც, შეკითხვა მაქვს, საერთოდ, ვინ დარჩა დღეს საქართველოს მოკავშირედ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ ჯერზე ფეხ-ქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მსგავსი დიპლომატიური ლობირების განხორციელებისგან თავშეკავება მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება”

ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.