ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 22 წლის საქართველოს მოქალაქეს – მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც კრიმინალურ წრეებსა და ექსტრემისტულ ფორუმებზე „მეთაური ყასაბის“ (Commander Butcher) ფსევდონიმით იყო ცნობილი, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 2026 წლის 13 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ნეონაცისტურ დაჯგუფებას „Maniac Murder Cult“ (M.K.U.), რომლის მიზანიც თეთრკანიანთა უპირატესობის დამყარება, მასობრივი ტერაქტების მოწყობა და ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების ფიზიკური განადგურება იყო.
სასამართლო მასალების მიხედვით, ჩხიკვიშვილი ნიუ-იორკში მასშტაბურ ტერაქტს გეგმავდა. მისი ჩანაწერებით დგინდება, რომ საახალწლო დღეებში, ბრუკლინში, მის მიერ დაქირავებულ პირს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილს ებრაელი და ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის მომაკვდინებელი საწამლავით (რიცინით) გაჯერებული ტკბილეული უნდა დაერიგებინა. გეგმა ჩაიშალა, რადგან პირი, ვისაც ის ამ დავალებას აძლევდა, რეალურად გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ფარული აგენტი აღმოჩნდა – წერს The New York Times.
გარდა ამისა, ექსტრემისტის ტელეფონისა და კომპიუტერის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ამოიღეს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაილები და მის მიერვე დაწერილი მანიფესტი „Hater’s Handbook“ (მოძულეს სახელმძღვანელო), სადაც ის მიგრანტების, უსახლკაროებისა და ლგბტ თემის წევრების მკვლელობის დეტალურ ინსტრუქციებს ავრცელებდა.
ამერიკელი პროკურორების განცხადებით, ჩხიკვიშვილის იდეოლოგიამ და მოწოდებებმა გავლენა მოახდინა რეალურ დანაშაულებზე. კერძოდ, მის ორგანიზაციასა და მანიფესტს პირდაპირ უკავშირებდნენ ნეშვილის (ტენესი) ქრისტიანულ სკოლაში მომხდარ თავდასხმასა და თურქეთში, ქალაქ ესქიშეჰირში მეჩეთთან მომხდარ მასობრივ დაჭრას.
მიხეილ ჩხიკვიშვილი თბილისში, საკუთარიბინიდან, დაშიფრული ჩატების მეშვეობით მართავდა დაჯგუფებას: უგზავნიდა ამერიკელ, რუს და ევროპელ წევრებს ბომბებისა და საწამლავების დამზადების ინსტრუქციებს და გეგმავდა თავდასხმებს.
2024 წლის ივლისში, როდესაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები მასზე გადიოდნენ, მან სასწრაფოდ დატოვა საქართველო – ჯერ თურქეთში გადავიდა, იქიდან კი მოლდოვაში ჩაფრინდა. კიშინიოვში კი ის სამართალდამცავებმა იმ მომენტში აიყვანეს, როდესაც სახმელეთო გზით უკრაინაში გადასვლას და იქ ომის ქაოსში მიმალვას გეგმავდა. დაკავება ამერიკული სპეცსამსახურების (FBI) მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერით მოხდა. ის განაჩენს ამ დრომდე ბრუკლინის ციხეში ელოდებოდა.















