სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები, – ასე უპასუხა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის კითხვას, არის თუ არა ნასამართლევი.
მოსამართლე მეია მელქაძემ მას ბრალდება განუმარტა და ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები და აღიარებდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, რასაც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, არანაირად, ამას ნამდვილად მაბრალებენ. ცეცხლი არც ტერორისტული მიზნით დამინთია და არც გასათბობად“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.
ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.














