“სადამსჯელო ღონისძიება” – ნანუკა ჟორჟოლიანი, ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს

ჟურნალისტს და “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს ტროტუარზე დგომისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ გამოაცხადა.

ჟორჟოლიანს 2025 წლის 16 დეკემბერს “ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდნენ. ჟურნალისტის შვილის, მარიამ გეგუჩაძის ცნობით, ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ  გასული წლის 16 დეკემბერს მისთვის კანონი ჯერ კიდევ უცნობი იყო და არ იცოდა, რომელ ადგილას უნდა გადაენაცვლა.

“თქვენი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი მოვიდა და … მითხრა, რომ დადგინდებოდა უახლოეს დღეებში ტერიტორია, სადაც დგომა ჩაითვლებოდა კანონდარღვევად და ჩვენთვის გახდებოდა ცნობილი,” – განაცხადა ჟორჟოლიანმა. (წყარო “რადიო თავისუფლება”)

 

“ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება” – ამის შესახებ ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. ზაქარაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ ის “ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს”.

ამ შემთხვევაშიც ეს არის იგივე ტენდენციის გაგრძელება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი გამოყენებული იყოს რეპრესიის მექანიზმად და ამ რეპრესიის მექანიზმს საბოლოოდ ხელს აწერს და ადასტურებს სასამართლო. ბატონ მოსამართლეს არ აინტერესებდა, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ აინტერესებდა ნანუკა ჟორჟოლიანის ახსნა-განმარტება და არ აინტერესებდა არც შსს-ს მოტანილი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა თითქოს შსს-ს უკვე დაკანონებულ მოთხოვნას, რომ თუ ტროტუარზე ზემოთ დგახარ, კიბეების ადგილას ეს არ არის დასჯადი, ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ ამ ადგილას იდგა, მხოლოდ მას შემდეგ,. რაც პოლიციელებმა მოწოდება გააკეთეს, ის მივიდა ხალხთან და სთხოვა, რომ მოდით იქნებ გადავინაცვლოთ ზემოთ მხარეს. სულ რაღაც 1 წუთიც არ მდგარა ტროტუარზე, რომელიც დასჯადია შსს-ს განმარტებით. თუმცა შსს-მ მოითხოვა პატიმრობა და მოსამართლემ ეს დააკმაყოფილა.

ეს სხდომები არის ფორმალური, მას არ აქვს არანაირი შემხებლობა არც სამართალთან და მითუმეტეს არც სამართლიანობასთან. პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოსამართლემ, რომ ის უბრალოდ ხელს მოაწერს ყველაფერს, რასაც შსს სთხოვს და მოითხოვს. […]

ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, 3 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც არ არის მსუბუქი ხასიათის პასუხისმგებლობა, ეს არის იგივე ხასიათის პასუხისმგებლობა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე განიხილება, ეს არის მაღალი ინტენსივობის ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და შეკრება-მანიფესტაციის, რომელიც სამწუხაროდ აღარ გვაქვს. […]

ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველა შესაძლო ინსტანცია გამოვიყენოთ, ეს არის გასაჩივრება სააპელაციოში და თუ გვექნება შანსი ასევე გამოვიყენოთ ადამიანის ევროპული სასამართლოს შესაძლებლობა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ცალსახად უკანონო,” – განაცხადა თეონა ზაქარაშვილმა.