საპროტესტო აქციების წარმართვის აუცილებლობა არ არის – სარჯველაძე დიუშენზე

“ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “მსოფლიოში არავის არ აქვს რეალური პასუხები” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით. სარჯველაძე ამბობს ასევე, რომ დიუშენთან დაკავშირებით ამბობს, რომ “აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვის აუცილებლობა უბრალოდ არ არის.”

“გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხები. აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ამ ძიების პროცესშია. ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალური იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. აუცილებელია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული. აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება. მეცნიერული მტკიცებულებებისა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვეძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი.

ყველა ეს საკითხი მერწმუნეთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის არის შესწავლის და დაკვირვევის საგანი და არავის არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რაიმე სწრაფი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, ვინაიდან ეს დაკავშირებული პაციენტების უსაფრთხოებასთან და ეს დაკავშირებულია ამ კონკრეტული მედიკამენტების სარგებელთან, რა სარგებლის მოტანა შეუძლია რეალურად.

სხვაგვარად, ძალიან დიდია შეცდომის დაშვების რისკი. ამიტომ, ის რაც თქვა პრემიერმინისტრმა, არა მხოლოდ მან, არამედ ბევრმა თქვა, რომ აუცილებელია რეალურად პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს და უბრალოდ არ არის აუცილებლობა იგივე აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვისა, ეს ვფიქრობ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ყველა ის ფაქტორი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დღეს ერთადერთი მხარე, ვისთვისაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო პროცესის შენარჩუნება, ერთადერთი მხარე ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი, მაგრამ ეს არაფრით არ ეხმარება არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებრივ ინტერესს.

შესაბამისად, ჩვენი თხოვნაც, მოწოდებაც ეს არის, რომ აბსოლუტურად არ არის აუცილებლობა დღევანდელ დღეს რაიმე სახის რადიკალური ქმედებებისთვის, როგორიც არის საპროტესტო აქციების წარმართვა, რეალურად ყველა მზად არის იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნებს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება პირველ რიგში იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება.” – ამბობს სარჯველაძე.