სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურში, “საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით” გარდაცვლილი იპოვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პროკურატურის თანახმად, „მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის”, – აცხადებენ სუსში.

2026 წლის იანვარში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომელის,  სიმონ წაქაძის ცხედარი თბილისში, სუსის შენობასთან მისივე ავტომობილში იპოვნეს. მაშინ სუსმა განაცხადა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. იარაღი მანქანაში იპოვნეს. წაქაძე სუსში 2015 წლიდან მუშაობდა და ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი იყო.