„ორეშნიკით“ დარტყმა უკრაინაზე: პასუხი მოსკოვზე თავდასხმაზე თუ მუქარა ევროპისთვის

24 მაისის ღამეს უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო-დრონული დარტყმა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. ეს იყო კომბინირებული შეტევა, რომელიც მოიცავდა ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს, მათ შორის ჰიპერბგერით „ცირკონებს“, უპილოტო საფრენ აპარატებს და სულ მცირე ერთ ბალისტიკურ რაკეტა „ორეშნიკს“.

რაკეტა „ორეშნიკი“ კიევის ოლქის ქალაქ ბილა ცერკვას დაეცა. დარტყმის თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ეშვება მიწისკენ რამდენიმე ჯგუფად მნათობი წერტილები.

„ორეშნიკი“ საშუალო სიშორის რაკეტაა — სხვა კლასიფიკაციით, შუალედური სიშორის, რადგან მისი სავარაუდო 5500-კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი კონტინენტთაშორისს უახლოვდება. ის აღჭურვილია გამყოფი საბრძოლო ნაწილით, რომელიც შეიძლება ექვსამდე საბრძოლო ბლოკს შეიცავდეს.

თითოეულ ასეთ ბლოკს შეუძლია ბირთვული მუხტის ტარება, თუმცა ამ დარტყმის შემთხვევაში, ვიდეოს მიხედვით, ისინი ან კასეტური ტიპის იყო და თავად დაიშალა რამდენიმე სუბსაბრძოლო ელემენტად, ან ცრუ სამიზნეები გამოუშვა.

ეს ბლოკები ისეთივე საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორსაც სხვა რაკეტების საბრძოლო ნაწილები, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებით არის აღჭურვილი.

თუმცა ასეთი რაკეტის საბრძოლო ბლოკები მიწაზე ძალიან დიდი სიჩქარით ეცემა და დიდი კინეტიკური ენერგია აქვს. ამიტომ ისინი მაინც იწვევს ნგრევას იმ ადგილზე, სადაც ეცემა.

ზუსტად სად დაეცა ეს სუბსაბრძოლო ელემენტები ბილა ცერკვაში, არ კონკრეტდება სოციალურ ქსელებში განიხილება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის — აეროდრომი.

მედია იუწყება, რომ დარტყმის წინ ცაში კიდევ ერთი რაკეტა აფეთქდა, თუმცა ბლოკებად არ დაშლილა. შესაძლებელია, რომ რუსეთმა მეორე რაკეტაც გაუშვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ამას არ ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტებით „ორეშნიკი“ მასირებული დარტყმა განახორციელეს“, სადაც სიტყვა „რაკეტები“ მრავლობით რიცხვშია გამოყენებული.

კომბინირებული შეტევა

თუ 24 მაისის ღამეს უკრაინაზე დარტყმების ქრონოლოგიას გადავხედავთ, ჩანს, რომ რუსეთის არმია დაზიანების სხვადასხვა საშუალებას აერთიანებდა.

ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად გაუშვეს შორი მოქმედების უპილოტოები „შაჰედები“ და ფრთოსანი რაკეტები.

ასეთი განსხვავებული საშუალებებით ერთდროული დარტყმები სახიფათოა, რადგან ისინი სარაკეტო თავდაცვის დეზორიენტაციას იწვევს.

გარდა ამისა, რამდენიმე ტალღამ შეიძლება გადატვირთოს სარაკეტო თავდაცვის სისტემა და გაზარდოს იმ რაკეტებისა თუ დრონების რაოდენობა, რომლებიც მიზნამდე აღწევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ განცხადებაში, „ორეშნიკის“ რაკეტების გარდა, ჩამოთვალა „ისკანდერი“, „კინჟალი“, „ცირკონი“ და საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამიზნეები იყო „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე სახმელეთო ძალების მთავარი სარდლობის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა მართვის პუნქტები“, ხოლო უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები „არ იგეგმებოდა და არ განხორციელებულა“.

ეს ეწინააღმდეგება იმას, რასაც ადგილიდან  კორესპონდენტები გადმოსცემენ. მათი ცნობით, კიევში რამდენიმე რაიონში დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი სახლები.

დარტყმა მოსკოვზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სხვა პუბლიკაციაში განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა „უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ“.

ბოლო კვირებში გაიზარდა როგორც უკრაინული დარტყმების ეფექტიანობა რუსეთის სამიზნეებზე, ისე მათი მასშტაბი. იერიშებში სულ უფრო მეტი დრონი მონაწილეობს და ისინი სულ უფრო დიდ შედეგს აღწევენ.

17 მაისის ღამეს უკრაინამ მოსკოვზე დრონებით ყველაზე ძლიერი  დარტყმა განახორციელა.

ქალაქში დრონმა კაპოტნიაში მდებარე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამშვებ პუნქტს შეუტია,  რის შედეგადაც ცვლაში მისული თანამშრომლები დაიჭრნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ასევე მოსკოვის ოლქის ქალაქი ზელენოგრადი და მოსკოვის ახლო შემოგარენის ჩრდილოეთი რაიონები.

შეტევის შედეგად ოლქის სამი მცხოვრები დაიღუპა, ხოლო მოსკოვის რეგიონში 17 ადამიანი დაშავდა.

ეს დარტყმა მოსკოვში გამარჯვების აღლუმიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მოხდა — აღლუმი უკრაინული დრონების საფრთხის გამო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდა.

ამასთან, რუსულ პრესასა და სოციალურ ქსელებში პროსამხედრო კომენტატორები ამტკიცებდნენ, რომ მოსკოვი მსგავსი შეტევებისგან ძალიან კარგად არის დაცული. 17 მაისის იერიშმა მისი დაუცველობა აჩვენა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის შეტევას „სამართლიანი პასუხი“ უწოდა უკრაინაზე რუსეთის ბოლო დარტყმებზე, მათ შორის კიევზე, სადაც 14 მაისს ცხრასართულიან სახლზე რაკეტის მოხვედრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ბირთვული სიგნალები

ეს „ორეშნიკის“ ომში გამოყენების უკვე მესამე შემთხვევაა. პირველად რუსეთის ჯარებმა ის 2024 წლის 21 ნოემბერს, დნიპროზე დარტყმისას გამოიყენეს. მეორედ — 2026 წლის 9 იანვარს, ლვოვის ოლქზე დარტყმისას.

„ორეშნიკის“ გამოყენება უფრო დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს — რადგან რაკეტა ბირთვული დარტყმების მისაყენებლად არის განკუთვნილი და ჩვეულებრივი აღჭურვილობით ნაკლებად ეფექტიანია, ის კონფლიქტის ესკალაციის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

გარდა ამისა, რაკეტას აქვს მოქმედების ისეთი სიშორე, რომელიც მას ევროპის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, ასეთმა გაშვებამ შეუძლებელია არ შეაშფოთოს ევროპული ქვეყნების მთავრობები. რუსეთში ბევრი ოფიციალური პირი და არაოფიციალური კომენტატორი ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, მათ შორის შორი მოქმედების დრონების წარმოების საკითხშიც.

ბოლოს, ასეთი დარტყმის გადაჭერა ძალიან რთულია ისეთი კომპლექსებისთვისაც კი, როგორიცაა Patriot.

ამ დარტყმამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთმა მასშტაბური ბირთვული სწავლებები ჩაატარა სარაკეტო გაშვებებით.

სწავლებებში მონაწილეობდა არა მხოლოდ სტრატეგიული ბირთვული ძალები, არამედ ბელარუსული ნაწილებიც, რომლებიც რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს იყენებენ.

სწავლებების წინ რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ საცდელი გაშვებაც ჩაატარა. ეს ახალი მძიმე რაკეტაა, რომელსაც რუსეთი 2010-იანი წლების დასაწყისიდან ავითარებს.

სულ მისი ორი წარმატებული გაშვება განხორციელდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რაკეტა წლის ბოლომდე საბრძოლო მორიგეობაზე დადგება.