აშშ-ის სამხედროებმა „თავდაცვის მიზნით“ იერიშები მიიტანეს ირანის სამხრეთში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის სარაკეტო გაშვების მოედნებსა და იმ გემებზე, რომლებიც ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ, განაცხადა CENTCOM-ის წარმომადგენელმა ტიმ ჰოკინსმა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათის ღამით, 26 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა არმიამ ირანის სამხრეთში მდებარე სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა, მათ შორის სარაკეტო გაშვების მოედნებსა და იმ გემებზე, რომლებიც ნაღმების ჩადებას ცდილობდნენ.
ეს დარტყმები შეფასებულია როგორც „თავდაცვითი“ და „მიმართული ამერიკელი სამხედროების დასაცავად იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ირანული ძალები ქმნიან“.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აგრძელებს ჩვენი (ამერიკული — რედ.) ჯარების დაცვას და ამავდროულად მოქმედი ზავის პირობებში თავშეკავებას იჩენს“, — ციტირებენ ამერიკული მედიის ჟურნალისტები ამასთან დაკავშირებით CENTCOM-ის ოფიციალური წარმომადგენლის, ტიმ ჰოკინსის განცხადებას.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელზეც აშშ და ირანი შეთანხმდნენ, 8 აპრილიდან მოქმედებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 25 მაისს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ისლამურ რესპუბლიკასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესანიშნავად მიმდინარეობს“.
„იქნება ან დიდი შეთანხმება ყველასთვის, ან საერთოდ არ იქნება არანაირი შეთანხმება — და იქნება ფრონტზე და სროლებზე დაბრუნება, თანაც უფრო დიდი მასშტაბით და უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა, — მაგრამ ეს არავის უნდა!“ — დაიმუქრა ტრამპი.
Fox: აშშ-ის დარტყმები ირანზე ზავის შეწყვეტას არ ნიშნავს
აშშ-ის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები ზავის შეწყვეტას არ ნიშნავს, განუცხადეს ტელეკომპანია Fox News-ს ამერიკის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა.
ირანული მედია კი სამი საპორტო ქალაქში აფეთქებების შესახებ იუწყება.
ტელეკომპანიის კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, შეტევის დროს ამერიკულმა არმიამ გაანადგურა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილი ორი კატერი, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსებას ცდილობდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო დანადგარზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მან აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების მიზანში ამოღება სცადა.
დარტყმები დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში განხორციელდა
26 აპრილის ღამით აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა ტიმ ჰოკინსმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა „თავდაცვის მიზნით“ დარტყმები განახორციელეს ირანის სამხრეთში. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ყატარელ შუამავლებთან შეხვედრა გაიმართა ირანთან მოლაპარაკებების კოორდინაციისთვის, აღნიშნავს CNN.
ამჟამად ქვეყნები ცდილობენ „ურთიერთგაგების მემორანდუმზე“ შეთანხმებას, თუმცა პროცესი ჭიანურდება ირანის ბირთვულ პროგრამასა და სანქციებთან დაკავშირებულ ფორმულირებებზე დავის გამო.
აშშ-ის დარტყმებიდან მალევე ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ფორმულირებებზე უთანხმოების გამო ფერხდება.
„რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ მოვაგვაროთ <…> დავები ერთ სიტყვაზე, ერთ წინადადებაზე. ეს ეტაპი უნდა გავიაროთ“, — თქვა სახელმწიფო მდივანმა.
თავად დარტყმების კომენტირებისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „სრუტეები ღია უნდა იყოს“.
ირანში სამ ადგილას აფეთქებების შესახებ განაცხადეს
26 მაისის დილით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა, წყაროებზე დაყრდნობით, ირანის სამხრეთ საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასში სამი აფეთქების შესახებ განაცხადეს. ამ ქალაქში ირანისთვის საკვანძო სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზებია განთავსებული.
მოგვიანებით სამხედრო-პოლიტიკური ფორმირების სარდლობამ დააზუსტა, რომ აფეთქება ქალაქის აეროპორტის მახლობლად მოხდა.
ბენდერ-აბასში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო სააგენტო IRNA-მაც. მისი მონაცემებით, აფეთქებები დაახლოებით შუაღამისას მოხდა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ კონტროლირებადმა სააგენტო Fars-მაც გაავრცელა ინფორმაცია სპარსეთის ყურეში, ქალაქების სირიკისა და ჯასკის მახლობლად აფეთქებების შესახებ.
ეს არ არის აშშ-ის პირველი შეტევა ირანზე ზავის პერიოდში. მაისის დასაწყისში აშშ-მა დარტყმები განახორციელა ირანის პორტ ქეშმსა და ქალაქ ბენდერ-აბასზე. ირანული მედია ასევე იუწყებოდა სირიკში აფეთქების შესახებ.
აშშ-ში განაცხადეს, რომ დარტყმები მას შემდეგ განახორციელეს, რაც ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდნენ.















