„მტკიცებულებები არ არის“ – გორში კაცის ცემისთვის დაკავებული პოლიციელის ადვოკატი

„მტკიცებულებები არ არის“ – აცხადებს გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქის ცემისთვის დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელის, ალეკო ბადალოვის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე .

„მას ბრალში უწერია, რომ ძალადობით გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. თუმცა მტკიცებულებები არ არის… ბრალს არ აღირებს.[…[ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგენილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სხვა დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ვისაუბრებ. კადრებში ფიგურირება არ ნიშნავს იმ ბრალდების დადასტურებას, რომელიც მას ბრალად ედება. კერძოდ კი, ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა, იმ კადრებით, რაც გავრცელდა, ამ ადამიანის მხრიდან რამე ძალადობრივი ან უკანონო ქმედება არ იკვეთება.

სხვის მოქმედებებს ვერ შევაფასებ, კატეგორიულად გეუბნებით, რომ ეს ადამიანი შემთხვევის ადგილას ოფიციალური გამოძახების საფუძველზე მივიდა. ჯერჯერობით დეტალები არ ვიცი, საქმის მასალების გასაცნობად სულ 15 წუთი მქონდა. მას ბრალში მითითებული აქვს, რომ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, თუმცა ეს მტკიცებულებები არ არის”, – განაცხადა ცინცაძემ.

კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა, ბრალდებული პოლიციელი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ადვოკატი პასუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ გასაუბრებია.

“თქვენი კითხვის პასუხს არ შეიცავს საქმის მასალები, რომელიც გადმომეცა. მასთან გასაუბრება არ მქონია”, – აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

 

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა დაკავებული პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი ამას არ ეთანხმება – მისი მოთხოვნაა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენოს.