აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ უკანონოდ ცნო დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 100 000-დოლარიანი მოსაკრებელი H-1B სამუშაო ვიზების გაცემაზე, რომლებიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი.
აშშ-ის ფედერალურმა საოლქო მოსამართლემ ლეო სოროკინმა ორშაბათს, 8 ივნისს, გააუქმა H-1B სამუშაო ვიზაზე განაცხადის შეტანისთვის დაწესებული 100 000-დოლარიანი მოსაკრებელი. ეს გადასახადი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის სექტემბერში შემოიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გადაჭარბება იყო.
ტრამპის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი 20-მა შტატმა შეიტანა
20 შტატის მიერ შეტანილი სარჩელის განხილვის შემდეგ, მოსამართლე სოროკინმა დაადგინა, რომ აღნიშნული სავიზო მოსაკრებელი ფაქტობრივად უკანონო გადასახადს წარმოადგენს.
„პრეზიდენტს არ ჰქონდა ძალაუფლება ან დელეგირებული უფლებამოსილება, დაეწესებინა გადასახადი H-1B ვიზებზე განაცხადების შეტანისთვის“, — ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
AFP-ის ცნობით, მანამდე სხვა ფედერალურმა მოსამართლემ 100 000-დოლარიანი მოსაკრებელი კანონიერად ცნო, თუმცა ეს გადაწყვეტილება ამჟამად გასაჩივრების პროცესშია.
H-1B ვიზა პოპულარულია აშშ-ის მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში
H-1B ვიზები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. ამ ვიზებს ყველაზე ხშირად აშშ-ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ. დამტკიცებული განაცხადების თითქმის სამი მეოთხედი ინდოეთიდან ჩასულ დასაქმებულებზე მოდის.
ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც ამ ტიპის ვიზების მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაიზარდა, მისი ანტიმიგრანტული პოლიტიკის კიდევ ერთი ნაბიჯი იყო და ძალაში 2025 წლის სექტემბერში შევიდა. თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებდა, რომ უცხოელმა მუშაკებმა არ უნდა დაიკავონ სამუშაო ადგილები, რომლებიც ამერიკელებისთვის არის განკუთვნილი.
მოსაკრებლის გაზრდამდე H-1B ვიზის გაფორმების ღირებულება 5 000 დოლარს არ აღემატებოდა.















