ზელენსკიმ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დრონებთან ბრძოლის ექსპერტების გაგზავნა დააანონსა

ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნებში დრონებთან ბრძოლის ექსპერტებს გაგზავნის, რათა ისინი საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხეს დაუპირისპირდნენ.

ესტონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ის ამ ქვეყნის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად ატარებდა, უკრაინის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე დრონების შესვლის შემთხვევებზე.

ბოლო თვეებში ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთში არაერთხელ გამოჩნდა უკრაინული დრონები, რომლებითაც კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ახორციელებდა. ორი  უპილოტო აპარატი, რომელიც 7 მაისს რეზეკნეში – რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქში, მიტოვებული ნავთობსაცავის სიახლოვეს ჩამოვარდა, ლატვიის მთავრობის გადადგომის მიზეზი გახდა. 20 მაისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დარტყმისთვის პასუხის გაცემას და თავისი სამართლიანი შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გამოყენებას“, — განაცხადა ზელენსკიმ ტალინში.

მან ასევე ივარაუდა, რომ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში უკრაინული დრონების შესვლის შემთხვევები შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთის მიერ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გამოყენებასთან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ევროპულ ქვეყნებში გაგზავნოს სპეციალისტები, რომლებიც დრონებთან ბრძოლაში დაეხმარებიან — ისევე, როგორც კიევმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაგზავნა ექსპერტები ირანიდან მომდინარე საბრძოლო უპილოტო აპარატების საფრთხის წინააღმდეგ.

„ახლა ჩვენ მზად ვართ, იგივე გავაკეთოთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპაში. შეგვიძლია ვიმოქმედოთ „drone deal“-ის [დრონების შეთანხმების — რედ.] ფარგლებში. მზად ვართ, გავაგზავნოთ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფები“, — განაცხადა ზელენსკიმ.

სამშაბათს ესტონეთში გაიმართა სამიტი უკრაინის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით.