Freedom House სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზს გადასცემს

Freedom House 15 ივნისისთვის აანონსებს ღონისძიებს ლაივ სტრიმს, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მარკ პალმერის პრიზი გადაეცემა.  ორგანიზაცა წერს, რომ მართავს სპეციალურ ღონისძიებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, მის აღმატებულება სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, რომელსაც 2026 წლის მარკ პალმერის პრიზი გადაეცემა.

“ჯილდო აღიარებს მის პრინციპულ ლიდერობასა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებას საქართველოსთვის და ევროპაში თავისუფლებისთვის უფრო ფართო ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში.

პრიზი ატარებს გარდაცვლილი ელჩის, მარკ პალმერის სახელს — Freedom House-ის ხანგრძლივი დროის მეურვისა და მსოფლიოში დემოკრატიული გარდაქმნების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერის. ჯილდო გადაეცემათ დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავიანთი ჩვეულებრივი მოვალეობების ფარგლებს გასცდნენ ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად, სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრინციპულმა ლიდერობამ და მისმა მტკიცე მხარდაჭერამ დემოკრატიული მმართველობის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, იგი დემოკრატიის ძლიერ ხმად აქცია იმ დროს, როდესაც თავისუფალ საზოგადოებებზე ზეწოლა მთელ მსოფლიოში იზრდება.

საღამო გააერთიანებს დიპლომატებს, პოლიტიკის შემქმნელებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა აღნიშნონ გაბედული, ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის  მუდმივი და შეუცვლელი  მნიშვნელობა თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში.“– წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

Freedom House–მა მარკ პალმერის პრიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლაურეატია კრისტია ფრილანდი — კანადის ვიცე-პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას და დემოკრატიული ქვეყნების უფრო მტკიცე გაერთიანებას ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ.

ჯილდო მიღებული აქვს ლინას ლინკევიჩიუსსაც — ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო ბელარუსის დემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერაში და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მკაფიო პოზიციით გამოირჩეოდა.

2022 წელს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა ემინე ჯაფაროვას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. Freedom House-მა ის დააჯილდოვა უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით ყირიმელი თათრების უფლებების დაცვისთვის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მისი პრინციპული პოზიციისთვის.

2023 წელს პრიზი მიიღო მაიკლ მაკკარტიმ, აშშ-ის ელჩმა ლიბერიაში. Freedom House-მა იგი დააჯილდოვა დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და ანგარიშვალდებულების მხარდაჭერისთვის ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტების გამყარება განსაკუთრებით რთული პროცესია.

2024 წელს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა Operation Nica Welcome-ის გუნდს — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის საჯარო მოხელეებსა და დიპლომატებს, რომლებმაც ნიკარაგუიდან 222 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებასა და აშშ-ში უსაფრთხოდ გადაყვანაში მიიღეს მონაწილეობა.

2025 წელს ჯილდო მიიღო მიკლოშ ჰარასტიმ — უნგრელმა დისიდენტმა, მწერალმა და დიპლომატმა, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში იბრძოდა სიტყვის თავისუფლებისთვის, შემდეგ კი გაეროსა და ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის მიმართულებით მუშაობდა.

მარკ პალმერის პრიზის ლაურეატებს შორის იყვნენ ასევე ლუის ალმაგრო — ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის გენერალური მდივანი, რომელიც ლათინურ ამერიკაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მკვეთრი პოზიციებით გამოირჩეოდა; დებორა ლაიონსი — კანადელი დიპლომატი და ყოფილი ელჩი ავღანეთში; მარია ლაისნერი — შვედი დიპლომატი და „დემოკრატიების თანამეგობრობის“ ყოფილი გენერალური მდივანი; ასევე აშშ-ის ელჩი სირიაში სტივენ ფორდი და აშშ-ის ელჩი ლიბიაში კრისტოფერ სტივენსი, რომელიც ბენღაზიში ამერიკულ საკონსულოზე თავდასხმისას დაიღუპა.

მარკ პალმერის პრიზი არ არის მხოლოდ სიმბოლური ჯილდო. ის, როგორც წესი, გადაეცემათ იმ ფიგურებს, რომლებიც ავტორიტარული ზეწოლის, ომის, რეპრესიების ან დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ღიად იკავებენ თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარეს.