ცნობილია აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტი — Bloomberg

გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი. დოკუმენტი მხარეებს შორის ომის დასრულების მიზნით 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მკაცრი ახალი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.

Bloomberg-ის ცნობით, მემორანდუმის ტექსტი, რომელსაც გამოცემა იუწყება, 14 პუნქტისგან შედგება.

  1. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მიმდინარე ომში თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ომის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ დაიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე სახის მტრულ ქმედებას და თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან. საბოლოო შეთანხმება ამ მუხლის და დარჩენილი მუხლების დებულებებს დაადასტურებს.
  2.  ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.
  3. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია ორმხრივი თანხმობით.
  4. აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები ხსნის საზღვაო ბლოკადას და გამორიცხავს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერ ჩარევას ან დაბრკოლებას; მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში სრულად აღადგენს საზღვაო მიმოსვლას. გემების მიმოსვლა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ომამდელი მიმოსვლის მაჩვენებლის პროპორციული უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატები ასევე იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების მიღწევიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანოს თავისი ძალები მიმდებარე ტერიტორიებიდან.
  5.  აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს ის, რომ სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და საპირისპირო მიმართულებით, სავაჭრო გემების მიმოსვლა ომამდელ მაჩვენებლამდე 30 დღის განმავლობაში აღდგეს, ირანის მიერ ტექნიკური დაბრკოლებების მოხსნისა და ნაღმების გაუვნებელყოფის საჭიროების გათვალისწინებით.
  6. ამერიკის შეერთებული შტატები, თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, იღებს ვალდებულებას, შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მინიმუმ 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების უზრუნველყოფით. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი, საბოლოო შეთანხმების ნაწილის სახით, 60 დღის განმავლობაში შემუშავდება.
  7. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში შეთანხმებული განრიგის თანახმად, მოხსნას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებული ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციები, ასევე აშშ-ის ყველა ცალმხრივი — როგორც პირველადი, ისე მეორადი — სანქცია.
  8. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში შეთანხმებული განრიგის თანახმად, მოხსნას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებული ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციები, ასევე აშშ-ის ყველა ცალმხრივი — როგორც პირველადი, ისე მეორადი — სანქცია.
  9. ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამდიდრებული მასალის ბედი და ყველა სხვა ორმხრივად შეთანხმებული ბირთვული საკითხი, მათ შორის ირანის ბირთვული საჭიროებების ბედი, ადეკვატურად იქნება დაფიქსირებული საბოლოო შეთანხმებაში.
  10. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მიღწევის პერიოდში ისინი შეინარჩუნებენ არსებულ სტატუს-კვოს: ირანი შეინარჩუნებს სტატუს-კვოს თავის ბირთვულ პროგრამაზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არ გააძლიერებს თავის ძალებს რეგიონში.
  11. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების მოხსნის თარიღამდე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გამოსცემს შესაბამის ნებართვებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე, ასევე მასთან დაკავშირებული საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა მომსახურების ნებართვებზე.
  12. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში პროგრესის გათვალისწინებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან შეზღუდული თანხები და აქტივები განიბლოკება და სრულად ხელმისაწვდომი გახდება ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ბენეფიციარისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, ამის საფუძველზე ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია გასცეს.
  13. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ შემუშავდება განხორციელების მექანიზმი საბოლოო შეთანხმების შესრულებისა და მომავალი ვალდებულებების ზედამხედველობისთვის.
  14. აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 მუხლების განხორციელების დაწყების შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, დარჩენილ მუხლებთან დაკავშირებით.

საბოლოო შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით დამტკიცდება.