თურქეთში ნატოს სამიტი დაიწყო. საქართველო არც მიწვულთა შორის არის და არც დღის წესრიგშია ნახსენები

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში, ნატოს ორდღიანი უმნიშვნელოვანესი სამიტი ოფიციალურად დაიწყო. ალიანსის წევრი 32 ქვეყნის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების მწვავე კრიზისებისა და შიდაპოლიტიკური უთანხმოებების ფონზე იკრიბებიან.

წლევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები თავდაცვის ხარჯების რეკორდული ზრდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი პოზიციებია, რომელიც ირანთან კონფლიქტის ფონზე მოკავშირეებისგან ფინანსური კონტრიბუციის მკვეთრ გაზრდას მოითხოვს.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ წევრი ქვეყნები გადადიან „ტრანსატლანტიკურ თავდაცვით ინდუსტრიულ რევოლუციაზე“ და წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოკავშირეებმა თავდაცვაზე მშპ-ს 5% უნდა დახარჯონ 2035 წლისთვის. ამ დროისთვის ევროპელი მოკავშირეები და კანადა საშუალოდ უკვე მშპ-ს 4%-ს ხარჯავენ, რაც პასუხია ვაშინგტონის მზარდ ზეწოლაზე. ამავდროულად, ნატომ უკვე გამოაცხადა გიგანტური, 40 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტები ანტიდრონული და სათვალთვალო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

სამიტის კულუარებში აქტიურად განიხილება თურქეთის F-35 გამანადგურებლების პროგრამაში შესაძლო დაბრუნებაც, რაზეც დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორმხრივ შეხვედრას მართავენ.

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინის საკითხს. ანკარაში იმყოფება პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც კიევზე რუსეთის ბოლო მასირებული თავდასხმის შემდეგ მოკავშირეებისგან მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას ითხოვს. ლიდერები გეგმავენ დაამტკიცონ 80 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.

სამიტის პროგრამის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ალიანსის 32 წევრი ქვეყნების გარდა მიწვეული არიან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.

ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ქუვეითი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უკრაინა. მიწვეულთა შორის არ არის საქართველო.

სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მოელიან, რომ ზელენსკის დაესწრება ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან სადილს, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან.

ნატოს სამიტისა და თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის დღის წესრიგში საქართველო ნახსენები არ არის.

თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს, თურქეთში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება.

ეს არის ოფიციალური ღონისძიებებისა და დისკუსიების ფორმატი, რომელიც გაიმართება ნატოს სამიტის პარალელურად. ის მოიცავს 50-დე პანელურ დისკუსიას, მრგვალ მაგიდასა და თემატურ სესიას თავდაცვის პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს „როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ნატოს სამიტი გაიმართება, მასშტაბური პროპაგანდისტული კამპანია ამუშავდა. ამბობენ, რომ საქართველო სამიტზე არ დაპატიჟეს”.

“ადრე არსებობდა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, ნატოს სამიტის პარალელურად, პარტნიორ ქვეყნებთან Side Event შეხვედრა იმართებოდა. ახლა ასეთი ფორუმი არ ტარდება. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში სტამბოლში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე გაემგზავრა და ხვალ სიტყვით გამოვა”, – თქვა ვოლსკიმ.

მან პროპაგანდა უწოდა, მტკიცებას, “თითქოს საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს ან ქვეყნის მიმართ რაიმე განგებ „სასჯელია“ გამოწერილი”.