8 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აზოვის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 9 ტანკერს დაარტყეს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს-განაცხადა უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა ბროვდიმ. უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ასევე 53 სამიზნე დააზიანეს ყირიმსა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების სამხრეთში.
უპილოტო სისტემების ძალების სარდლმს, რობერტ ბროვდის თქმით, ბოლო 72 საათში უკრაინულმა უპილოტოებმა 21 გემი დააზიანეს, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 19 ტანკერი, ერთი მშრალტვირთმზიდი და ერთი ბორანი ქერჩში.
უკრაინის დრონებმა ყირიმსა და ოკუპირებული რეგიონების სამხრეთში 53 ობიექტი დააზიანეს
გარდა ამისა, ბროვდის მონაცემებით, 8 ივლისის ღამეს ანექსირებულ ყირიმში და რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიის სამხრეთ რაიონებში უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა 53 სამიზნე დააზიანეს, მათ შორის 6 ელექტროქვესადგური.
თავის მხრივ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა — SBU-მ — გაავრცელა ინფორმაცია გასულ კვირას ყირიმში ჯანკოის ავიაბაზასა და ქერჩის პორტზე, ასევე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებსა და საწყობებზე განხორციელებული დარტყმების შესახებ.
მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ტაგანროგის ყურეში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ორი ტანკერი დაზიანდა. დაშავდა ორი ადამიანი, ერთ-ერთი გემის ეკიპაჟი ევაკუირებულია. სლიუსარის თქმით, ტანკერები როსტოვ-ნა-დონუსკენ მიემართებოდნენ და ცარიელი იყო, ნავთობპროდუქტების დაღვრა არ მომხდარა.
კრიზისი ყირიმში, როგორც უკრაინული დარტყმების შედეგი
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში არაერთხელ შეუტიეს ტანკერებს, რომლებსაც საწვავი ანექსირებულ ყირიმში გადაჰქონდათ. იქ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული დარტყმების შედეგების გამო ბენზინის კრიზისი გამწვავდა. 21 ივნისს ყირიმის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვა სრულად შეწყდა — მოსკოვის მიერ დანიშნულმა „ხელისუფლებამ“ განაცხადა, რომ ბენზინი მხოლოდ „სახელმწიფო სამსახურებზე, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, გაიცემოდა.
6 ივლისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების დარტყმების შემდეგ ნახევარკუნძულზე მასშტაბური ბლექაუტიც მოხდა — ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქალაქები მთელ ნახევარკუნძულზე. მოგვიანებით „ხელისუფლებამ“ განაცხადა, რომ საცხოვრებელი სახლების უმეტესობის ენერგომომარაგება უკვე აღდგენილია.















