„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა და დარბაზი დატოვა. დეკლარაცია საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციას შეიცავს.
განცხადება ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის ცალკეული ნაწილები „განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს სწორედ ჰააგაში – საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. მინდა ვთხოვო სამდივნოს, ჩვენი პოზიცია სათანადოდ აისახოს ასამბლეის სხდომის ოქმში. ასევე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნიდერლანდების პარლამენტს გულთბილი მასპინძლობისა და ღონისძიების შესანიშნავი ორგანიზებისთვის“, – თქვა სამხარაძემ.
ამ პროტესტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.
„დიდი მადლობა, ნიკოლოზ. როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა“, – განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ სხდომა დატოვა, ასამბლეამ კენჭი უყარა და მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, შესაბამისად, ის კრიტიკული რეზოლუციაც საქართველოს შესახებ, რომელში ცვლილებების შეტანასაც და საერთოდაც რეზოლუციის სრულად უარყოფას „ოცნების“ წარმომადგენლები ჰააგაში რამდენიმე დღეა მოითხოვდნენ.
რეზოლუცია, სახელწოდებით – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, – მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა.
შედგენა















