უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი შეეცვალა, ხმაურიან პოლიტიკურ სკანდალად იქცა. უკვე ყოფილი მინისტრის განცხადებით, მისი გადაყენების მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი გახდა, რომელმაც პრეზიდენტი არჩევანის წინაშე დააყენა — ან მინისტრი, ან მთავარსარდალი.
ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მხოლოდ ნახევარი წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაზარდა სხვადასხვა ტიპისა და მოქმედების რადიუსის დრონების წარმოება და უპილოტო სისტემების მიმართულება ფინანსურად და ტექნიკურად გააძლიერა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მინისტრსა და მთავარსარდალს შორის სისტემური უთანხმოების მოგვარება ვერ შეძლო. შეხვედრის მონაწილეების თქმით, პრეზიდენტს ორივეს გათავისუფლება მიაჩნდა სასურველად, თუმცა სირსკის შეცვლა ამ ეტაპზე შეუძლებლად ჩათვალა.
ფედოროვის ბრალდებები
ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ფედოროვმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტს სირსკის გენერალური შტაბის უფროს ანდრიი ჰნატოვით შეცვლა შესთავაზა. მისი აზრით, ეს აუცილებელი იყო, თუ უკრაინას რუსეთის „ასიმეტრიულად და მინიმალური დანაკარგებით“ დამარცხება სურდა. ზელენსკი ამ წინადადებას არ დაეთანხმა.
ფედოროვის თქმით, თავდაპირველად პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაემორჩილა და სირსკისთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტა, რადგან „მათი დამკვეთი უკრაინელი ხალხია“. თუმცა შემდეგ მთავარსარდალმა მისი ინიციატივების დაბლოკვა დაიწყო და პრეზიდენტისგან მინისტრის გადაყენება მოითხოვა.
„ფაქტობრივად, მან ულტიმატუმი წამოაყენა. იმის ნაცვლად, რომ მოეფიქრებინა, როგორ დაემარცხებინა რუსეთი, მან მოიფიქრა, როგორ გაეხლიჩა ქვეყანა“, — განაცხადა ფედოროვმა.
მისი თქმით, სირსკი პრობლემებზე პირისპირ საუბარს ერიდებოდა, სანაცვლოდ კი შეხვედრებზე დადიოდა, ინტრიგებს ხლართავდა და ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ მედიაკამპანია ვიღაცამ შეუკვეთა.

ამასთან, ფედოროვმა აღიარა სირსკის სამხედრო დამსახურება და განაცხადა, რომ 2022 წელს მან „ქვეყანა გადაარჩინა“. თუმცა, ყოფილი მინისტრის აზრით, ომი და ბრძოლის ველი შეიცვალა, დრონებმა ყველაფერი გარდაქმნა, სამხედრო მართვის სისტემა კი წარსულ მეთოდებზე ვეღარ იქნება დაფუძნებული.
ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ მობილიზაცია და ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრების — ТЦК-ების — საქმიანობა სირსკისა და გენერალური შტაბის პასუხისმგებლობაა და არა თავდაცვის სამინისტროსი.
„ვის ექვემდებარება ТЦК? სირსკისა და გენერალური შტაბის დაქვემდებარებაშია და არა ჩემს“, — თქვა მან.
მისი განცხადებით, უკრაინელებს არ სჭირდებათ „ხელკეტიანი ადამიანი“, რომელიც მათ ფრონტზე იძულებით გაგზავნის: „ადამიანებს პატივისცემა სჭირდებათ“.
ფედოროვმა უარყო, რომ თანამდებობაზე ვინმე დააღალატა ან კორუფციულ სქემებში მონაწილეობდა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ კარიერას არ აშენებდა, ბიზნესით არ ყოფილა დაკავებული და მისი გუნდი „ციფრულ სახელმწიფოს ქმნიდა“.
მისი თქმით, ზელენსკიმ პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან უარი თქვა. ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ სამუშაოს შეთავაზებები მინისტრებისა და მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისგანაც მიიღო, თუმცა მათ განხილვას ჯერ არ აპირებს.
ზელენსკისა და სირსკის პასუხი
ზელენსკიმ განმარტა, რომ მინისტრსა და მთავარსარდალს შორის კონფლიქტი პირადი კი არა, სისტემური იყო და მასში ჩარევა მათი კომუნიკაციის ფაქტობრივი შეწყვეტის გამო მოუხდა.
პრეზიდენტს თავდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა ჯერ არ შეურჩევია. ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო განიხილებოდა, თუმცა ზელენსკის თქმით, ის ერთადერთი კანდიდატი არ არის. მთავრობის ახალი შემადგენლობა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარეშე დაამტკიცეს.
პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ იცის ფედოროვის მხარდასაჭერი აქციების შესახებ და საზოგადოების პოზიციას უსმენს.
„ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა სურდათ და ეს სწორია. მე მესმის, ვისმენ და საზოგადოების ნათქვამზე ვრეაგირებ“, — განაცხადა მან.
სირსკი სკანდალს მოკლე Telegram-პოსტით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ამაყობს 2022 წელს კიევის დაცვის ოპერაციით, რომლის წყალობითაც უკრაინის დედაქალაქში დღეს ბრიფინგების ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი. ზოგიერთი კომენტატორი ბრიფინგების ხსენებას ფედოროვის მიმართ ირონიად აღიქვამდა.
სირსკის თქმით, უკრაინამ ომსა და ეფექტიან სტრატეგიაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. მან ფედოროვს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა, მომავალშიც „უკრაინის გუნდის“ წევრად დარჩენილიყო.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციები
ფედოროვის გადაყენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში გაიმართა.
კიევში ივან ფრანკოს სახელობის თეატრთან თავდაპირველად ასობით ადამიანი შეიკრიბა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. მოედანი სამთავრობო კვარტალთან მდებარეობს და მას პრეზიდენტის ოფისის ფანჯრები გადაჰყურებს.
მონაწილეებს ხელში მუყაოს პლაკატები ეჭირათ წარწერებით: „დააბრუნეთ მიშა“, „ყველაფერი მოიპარეს, ფედოროვიც კი“, „ნუ შეეხები იმას, რაც მუშაობს“ და „ფედოროვი ჩემი გმირია, სირსკი — ჰემოროი“. ისმოდა შეძახილები: „ფედოროვი!“ და „სირსკი, წადი!“ მიტინგზე უმაღლესი რადის რამდენიმე დეპუტატიც შენიშნეს.
მსგავსი აქციები დნიპროში, უჟჰოროდში, ხარკივში, ლვივსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. ხარკივში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ დემონსტრანტები მეტროში ჩავიდნენ და პროტესტი მიწისქვეშ განაგრძეს. ლვივში მონაწილეები ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეიკრიბნენ და სირსკის გადადგომას მოითხოვდნენ.

ფედოროვმა დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა განაცხადა, რომ ადამიანები ქუჩაში მხოლოდ კონკრეტული მინისტრის დასაცავად არ გამოსულან.
„საუბარია პრობლემაზე, რომელიც უნდა მოგვარდეს“, — თქვა მან.
ეს აქციები ბევრს 2025 წლის ზაფხულის „მუყაოს პროტესტებს“ ახსენებს, როდესაც მოქალაქეები ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის შეზღუდვას აპროტესტებდნენ. მაშინ ზელენსკიმ პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობა დაუბრუნა.
სამხედროების მხარდაჭერა
ფედოროვს მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა მიხაილო დრაპატიმ გამოუცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში ფედოროვის გუნდის მოსვლის შემდეგ პირველად გაჩნდა სამხედრო სისტემის ძველი წესების შეცვლის რეალური მცდელობა.
დრაპატიმ ფედოროვს „თავდაცვის სამინისტროში ჯარების პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ უწყებამ მეთაურების მოსმენა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და ქვედანაყოფებში წარმოქმნილი ინიციატივების მხარდაჭერა დაიწყო.
მისი განცხადებით, ფრონტისთვის ეფექტიანი არაერთი პროექტი, მათ შორის ე.წ. „დრონების ხაზი“, სისტემის წინააღმდეგობის მიუხედავად განხორციელდა.
ფედოროვის გადაყენების შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ პავლო ელიზაროვმაც. მისი თქმით, ფედოროვი საჰაერო თავდაცვის სტრატეგიული რეფორმების ინიციატორი იყო და ამ რეფორმების დაბლოკვა მრავალ მსხვერპლსა და ნგრევას გამოიწვევს.
ელიზაროვმა ფედოროვის ჩამოშორებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის „დიდი ბოროტება“ უწოდა.
პოლიტიკური კარიერის დასაწყისი?
BBC-ის უკრაინელი კორესპონდენტის სვიატოსლავ ხომენკოს შეფასებით, ფედოროვის ბრიფინგი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც გადაყენების თავიდან აცილების უკანასკნელი მცდელობა, ისე მისი პოლიტიკური კარიერის საჯარო დასაწყისი.
ფედოროვსა და სირსკის შორის დაპირისპირების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდებოდა, თუმცა ორივე მხარე აცხადებდა, რომ ომის დროს შიდა კონფლიქტის დრო არ იყო. ახლა კი გაირკვა, რომ მათი უთანხმოება ომის წარმოებას, ჯარების მართვასა და გამარჯვების სტრატეგიას ეხებოდა.
ფედოროვი ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ სირსკის თანამდებობაზე დარჩენა უკრაინას გამარჯვებისგან აშორებს, რადგან ომი იცვლება, სამხედრო ხელმძღვანელობა კი ცვლილებებს ვერ მიჰყვება.
მის განცხადებებში ასევე იკითხება ეჭვი, რომ შესაძლო გადაყენებაში მონაწილეობა შეიძლება ჰქონდეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიას, რომლის გავლენაც ზელენსკიზე ბოლო პერიოდში გაიზარდა.
თუ ფედოროვის გადაყენება საბოლოოდ შედგება, მიღწევების საჯარო ჩამოთვლა, მოწინააღმდეგეების დასახელება და ქუჩის პროტესტის მხარდაჭერა მას დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
უკრაინაში არჩევნების ჩატარება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის, თუმცა ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ფედოროვს შეიძლება პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებასა და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შესაძლო დევნისგან დაცვაში დაეხმაროს.















