პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ — საკონსტიტუციო ტრიბუნალმა — სამშაბათს გააუქმა კანონი, რომელიც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაქორწინებული და მოგვიანებით პოლონეთში გადასახლებული ერთსქესიანი მეუღლეების სამართლებრივ აღიარებას ითვალისწინებდა.
ვარშავის მთავრობა ცდილობდა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას მორგებოდა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უმრავლესად კათოლიკურმა პოლონეთმა, რომელიც ქვეყნის შიგნით ერთსქესიანთა ქორწინებას არ უშვებს, მინიმუმ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ასეთი ქორწინებები უნდა აღიაროს.
ერთხმად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა პოლონეთის უმაღლეს სასამართლოსა და ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს შორის ძალაუფლებრივი დაპირისპირება გამოიწვიოს.
რა დაადგინა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა?
სასამართლომ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული, საბოლოოა და ევროკავშირის ქვეყნებში გაფორმებული ერთსქესიანთა ქორწინებები პოლონეთის სამოქალაქო რეესტრში ვერ აისახება, როგორც ეს მანამდე იგეგმებოდა.
სასამართლოს განცხადებით, გეგმები, რომლებიც ითვალისწინებდა „საზღვარგარეთ გაფორმებულ ისეთ კავშირებთან დაკავშირებული დამოწმებული ასლების მომზადებასა და გაცემას, რომლებიც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირს არ წარმოადგენს“, ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის კონსტიტუციის 92-ე მუხლის პირველ პუნქტს, 18-ე მუხლთან ერთობლიობაში.
კონსტიტუციის 18-ე მუხლში ნათქვამია:
„ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, ასევე ოჯახი, დედობა და მშობლობა, პოლონეთის რესპუბლიკის დაცვისა და ზრუნვის ქვეშ იმყოფება.“
სხვა სიტყვებით, ეს მუხლი ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრავს და ამ საკითხს პოლონეთის იურისდიქციას მიაკუთვნებს.
კონსტიტუციის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, შესაბამისი რეგულაციები უნდა მიიღონ „კონსტიტუციით განსაზღვრულმა ორგანოებმა“.
სასამართლოს მოკლე განცხადებაში გადაწყვეტილების მოტივაცია დეტალურად არ განუმარტავს, თუმცა მისი შინაარსიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა ევროკავშირის სასამართლოს მოთხოვნა პოლონეთის უფლებამოსილებაში ჩარევად მიიჩნიეს — თავად განსაზღვროს ოჯახისა და ქორწინების პოლიტიკა.
რაზე შეთანხმდნენ მანამდე, როდის და რატომ?
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2025 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება პოლონეთს არ ავალდებულებდა, ერთსქესიანთა ქორწინება დაეკანონებინა ან ერთსქესიანი მეუღლეები ქვეყნის შიდა კანონმდებლობით სრულფასოვან ცოლ-ქმრად ეღიარებინა.
თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ თუ ერთსქესიანი წყვილი ევროკავშირის სხვა ქვეყანაში კანონიერად დაქორწინდა და შემდეგ თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლებით ისარგებლა და სხვა წევრ სახელმწიფოში, მაგალითად პოლონეთში, გადავიდა, მათი ოჯახური მდგომარეობა სამოქალაქო რეესტრში უნდა ასახულიყო — იმ შემთხვევაში, თუ ეს ქორწინებასთან დაკავშირებული უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა იყო.
საქმე ორმა მამაკაცმა წამოიწყო — პოლონეთის მოქალაქემ და გერმანიისა და პოლონეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა. ისინი 2018 წელს, გერმანიაში ცხოვრების პერიოდში, კანონიერად დაქორწინდნენ, ხოლო მომდევნო წელს პოლონეთში გადავიდნენ.
პოლონეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მარტში დაადგინა, რომ ასეთი აღიარება „ეროვნულ იდენტობას არ არღვევს“ და არც პოლონეთის უფლებამოსილებას ზღუდავს, თავად განსაზღვროს ოჯახისა და ქორწინების კანონები.
ამის შემდეგ პოლონეთის მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები მაისში დაამტკიცა და მათი ამოქმედება აგვისტოს ბოლოს იგეგმებოდა.
თუმცა მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობა“ — PiS-მა — გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ტრიბუნალში გაასაჩივრა და, როგორც გაირკვა, წარმატებითაც.
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოებს შორის დაპირისპირება წარსულშიც არაერთხელ მომხდარა. ერთ-ერთი მთავარი დავა PiS-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოში ახალი მოსამართლეების სადავო დანიშვნას უკავშირდებოდა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთის უმაღლესი სასამართლო ბოლოს გასული წლის დეკემბერში გააკრიტიკა.
პოლონეთი, სადაც აღწერის მონაცემებით მოსახლეობის დაახლოებით 70% თავს რომის კათოლიკედ მიიჩნევს, ევროკავშირის იმ ოთხ ქვეყანას შორისაა, სადაც არც ერთსქესიანთა ქორწინება და არც ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობა არ არის დაშვებული. დანარჩენი სამი ქვეყანაა ბულგარეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.















