დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები გააუქმა იმ პირობით, თუ თეირანთან შეთანხმება „უმოკლეს ვადაში“ გაფორმდება.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა მას სთხოვეს, ნებისმიერი თავდასხმა „გადაედო“, რადგან შეთანხმების „ძირითადი პირობები“ უკვე შეთანხმებულია.
ტრამპის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ აშშ და ისრაელი შესაძლოა ირანზე ახალ, მასშტაბურ დარტყმებს გეგმავდნენ.
ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-მა უარყო ინფორმაცია, თითქოს თეირანმა აშშ-ს შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავება სთხოვა და განაცხადა, რომ ტრამპის მტკიცებები „სხვა არაფერია, თუ არა მორიგი ტყუილი“.
ირანის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაჯიდ იბნ ალ-რეზამ განაცხადა, რომ თეირანი მოწინააღმდეგეების მხრიდან ნებისმიერ მუქარას „რეალურად და სარწმუნოდ“ მიიჩნევს, მაშინაც კი, თუ ის ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.
„ჩვენ მოულოდნელად ვერ დაგვასწრებენ და არც პასიურები ვიქნებით“, — დასძინა მან.
ამ მკაცრ განცხადებებს წინ უძღოდა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ დაბომბვის კამპანიას გეგმავენ. CBS News-ის წყაროების ინფორმაციით, ეს გეგმა პარასკევს ტრამპის კაბინეტის სხდომაზე განიხილეს.















