იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი „Toa Payoh“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-მა, ხმელთაშუა ზღვაში ევროკავშირის საზღვაო მისიის (EUNAVFOR MED IRINI) ფლაგმანურმა გემმა, ნავთობტანკერი „Toa Payoh“ დაათვალიერა, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის სამინისტრომ კვირას, 2 აგვისტოს განაცხადა .
ინსპექტირება ჩატარდა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გემს კამერუნის დროშის გამოყენების უფლება. „ოპერაცია იტალიის წვლილის ნათელი დემონსტრირებაა ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოებისა და ევროკავშირის წინაშე“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროსეტომ.
ტანკერი სტამბოლისკენ მიემართებოდა
16 ივლისს, ბენინის კოტონუს პორტიდან სტამბოლისკენ მიმავალი ნავთობტანკერი ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიის სრუტეში, კუნძულ პანტელერიას დასავლეთით დააკავეს . ტანკერის კაპიტანმა თავდაპირველად თანამშრომლობაზე უარი თქვა. შემდგომში იტალიელი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი გემ „Thaon di Revel“-დან ვერტმფრენით გემზე გადაიყვანეს და საჭირო ინსპექტირება ჩაატარეს.
დეპარტამენტის ცნობით, ოპერაცია, რომელსაც მხარს უჭერდნენ ბერძნული გემი და პოლონური საპატრულო თვითმფრინავი, დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და დადგენილი პროცედურების დაცვით დასრულდა. ოპერაცია საერთაშორისო წყლებში ევროპული მანდატის ფარგლებში და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS) 110-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა. შემოწმების დროს მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადამოწმდება. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა გემი.
ევროკავშირის სანქციები
„როიტერის“ ცნობით, EUNAVFOR MED IRINI ევროკავშირის საზღვაო მისიაა, რომელიც 2020 წელს ლიბიაზე გაეროს იარაღის ემბარგოს აღსასრულებლად დაიწყო. მას შემდეგ, ევროკავშირის მთავრობებმა გააფართოვეს მისი ოპერაციების ფარგლები და უფლებამოსილება მისცეს ჩაატაროს ინსპექტირება იმ გემებზე, რომლებიც სავარაუდოდ ყალბი დროშის ქვეშ ცურავენ.
ევროკავშირმა ადრე დააწესა სანქციები ათობით გემზე, რომლებიც , მისი თქმით, რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით გამოყენებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.















