3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრზე, ამჯერად ვლადიმირის ოლქში.
ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ ორშაბათ დილით ოლქის სობინსკის რაიონში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ცენტრზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ავდეევის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია. მან თავის ტრავმა მიიღო, თუმცა, გუბერნატორის თქმით, დაზიანებას „სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია“. დაშავდა ასევე ქალი, რომელიც საწყობის მეზობლად მდებარე დასახლებაში ცხოვრობს — მას „ფეხის მსუბუქი დაზიანება“ აქვს.
მანამდე ავდეევი წერდა, რომ საწყობზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი Wildberries-ის ობიექტზე იყო. ობიექტზე თავდასხმის შესახებ კომპანია RWB-ის პრესსამსახურმაც განაცხადა და დაადასტურა, რომ ვლადიმირის ოლქში მდებარე Wildberries-ის ლოჯისტიკურ ობიექტზე „ხანძარი გაჩნდა“.
კომპანიის ინფორმაციით, საწყობის თანამშრომლები ევაკუირებული არიან, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
უკრაინელი სამხედროები უკვე მესამე კვირაა უმსხვილესი რუსული მარკეტფლეისს, Wildberries-ის საწყობებს და ლოჯისტიკურ ცენტრებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უტევენ. შეტევების შედეგად დაზიანებული ობიექტების რაოდენობამ 15-ს გადააჭარბა.















