ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ვალენსიის რეგიონში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებიც ე.წ. „მომთაბარე კრიმინალურ ჯგუფს“ მიეკუთვნებოდნენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქალაქ განდიასა და კულიერაში საცხოვრებელი ბინების სერიული ძარცვა.
ამ დროისთვის პოლიციის მიერ სრულად არის გახსნილი ძალის გამოყენებით ჩადენილი 18 ორგანიზებული ქურდობის ფაქტი. დაკავებული პირები საცხოვრებელ სახლებში შესაღწევად მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებდნენ. კერძოდ, წინასწარ არჩევდნენ ცარიელ ბინებს და კარებზე შეუმჩნეველ კვალს, – წებოვან/სილიკონის ძაფებს ტოვებდნენ. თუ რამდენიმე დღის განმავლობაში ძაფი არ გაწყდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა.
ბინების გასატეხად ჯგუფი იყენებდა სპეციალურ უნივერსალურ გასაღებებს, ე.წ. „ატმიჩკებს“ და საკეტების სიმულაციის თანამედროვე მეთოდს, რომელიც კარს ყოველგვარი დაზიანების გარეშე, ჩუმად აღებდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით მოპარული ოქროს სამკაულები, ძვირფასი საათები და ნაღდი ფული. ჩხრეკისას პოლიციამ ასევე აღმოაჩინა უკვე გამზადებული ამანათი მოპარული ნივთებით, რომელსაც დაკავებულები საქართველოში გამოსაგზავნად ამზადებდნენ. სამივე ბრალდებული უკვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ესპანეთის პოლიციის ცნობით სპეცოპერაცია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა















