ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის წინაშე დადგა: შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ თუ გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი — გამოაცხადოს მობილიზაცია. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში 2025 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 80 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს, თუმცა რეალურად ეს მაჩვენებელი 100 მილიარდ დოლარს აღემატება. პრეზიდენტის განცხადებით, სადაზვერვო ანალიზი ადასტურებს, რომ 2025 წლის რეალური დეფიციტი 100 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ამ წელს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. ზელენსკი აცხადებს, რომ  სწორედ ამის გამო პუტინს “შესვენება” სჭირდება.

რუსეთის არმიის მდგომარეობა

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით შემოსული სამხედროების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა შემცირდა რუსეთის სამხედროებზე გადახდები. მისივე თქმით, რუსეთის არმია თვეში 40 000 ადამიანით ივსება, თუმცა ყველა მათგანი ფრონტის ხაზზე არ იგზავნება. ამავე დროს, ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომში ყოველთვიურად 30 000–35 000 დაღუპულსა და მძიმედ დაჭრილს კარგავს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და თუ ტენდენცია გაგრძელდება, რამდენიმე თვეში რუსეთი წინა ხაზზე 100 000–120 000 კაცს დაკარგავს, რისი ანაზღაურებაც, ფინანსური სირთულეების გამო, გაუჭირდება.

შესაძლო გადაწყვეტილებები პუტინისთვის

ზელენსკის თქმით, პუტინს მოუწევს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის — მასშტაბური მობილიზაციის გამოცხადება, რაც, მისი შეფასებით, შეუქცევადი პროცესი გახდება და გავლენას მოახდენს როგორც რუსულ საზოგადოებაზე, ისე პირადად პუტინზე. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ სჯერა ომის მალე დასრულების.