აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი დაახლოებით ერთ თვეში მოსალოდნელია.
„ჩვენ შეიძლება დავინახოთ პროგრესი სულ რაღაც 30 დღეში, იმედია, იარაღის ნაწილის გატანის დაწყებაში“, – განაცხადა კუშნერმა.
მისივე თქმით, ღაზას გვირაბების ამოვსება მომდევნო 60-90 დღეში მოხდება. კუშნერმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადყოფნას აცხადებს, ღაზას აღდგენაში დაეხმაროს, თუმცა ამას დემილიტარიზაციის დაწყებამდე არ დაუშვებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ღაზას აღდგენას დემილიტარიზაციის დაწყებამდე. არავის სურს მეტი ფულის ჩადება ისეთ ადგილას, რომელიც საბოლოოდ ისევ ტერორისტების ხელში აღმოჩნდება. ასევე, ჩვენ არ შევზღუდავთ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი, თუ რაიმე გარდაუვალი საფრთხე იარსებებს“, – განაცხადა კუშნერმა.
მისი განცხადებით, ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს აშშ-სა და სხვა მხარეებისგან გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა პროცესი დაასრულოს.
- „ვფიქრობთ, რომ ისრაელისთვის ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციაა. ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება აშშ-სა და სხვებისგან, რათა სამუშაო სათანადოდ დაასრულოს“.
კუშნერმა ასევე ისაუბრა „ჰამასის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ნდობა რთულია, თუმცა, მისი თქმით, „ჰამასმა“ შეხვედრაზე „ყველაფერი სწორად თქვა“ და მხარეებს შანსი მიეცემათ, დაპირებები შეასრულონ.
აღსანიშნავია, რომ კუშნერი ორი დღით ადრე ეგვიპტეში „ჰამასის“ ახალ ლიდერ ხალილ ალ-ჰაიას შეხვდა, სადაც განიხილეს „ჰამასის“ განიარაღების, ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანისა და ჰუმანიტარული საკითხები. ამის შემდეგ კუშნერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, სადაც სამშვიდობო გეგმის განხორციელების საკითხები განიხილეს.



