2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 საათზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. ამის შესახებ ნათქვამია პენუტენციური სამსახურის განცდადებაში.
უწყება განმარტავს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.
“შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
დავითაძის ოჯახმა მომხდარის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.
პატიმრის დედა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, მისი პატიმარი შვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
“სახალხო დამცველს ვერ დავუკავშირდი, სამუშაო დრო არ არის, მაგრამ ის ვალდებულია, აიღოს ყურმილი, როცა ვიღაც ურეკავს, ბოლოს ძლივს ვიღაცას დავუკავშრიდი, პიარსამსახურს და მოვითხოვე, სასწრაფოდ წავიდნენ იქ-მეთქი. არავინ დაგვკავშირებია, არავინ ინფორმაციას ჩვენ არ გვაძლევს. საოპერაციოდ გადაჰყავთ, ცუდადაა, თუ რა, არასდროს არაფერი ვიცით, შემდეგ ვგებულობთ.
ჩვენ ახლა ციხესთან მივდივართ. რაღაც საგანი გადაყლაპაო, პროტესტის ნიშნადო, არ ვიცი ამას წინ რა უძღვოდა, რა იყო, რა უთხრეს. გამოიტანენ კი ხმოვანს, იქ რაც იწერება? რა თქმა უნდა, არ გამოიტანენ! როგორც ჩანს, ეს არის მორიგი ზეწოლა, აშკარად ზეწოლაა, არ ვიცი რა შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პროტესტის ნიშნად გააკეთა. მოვითხოვ, სასწრაფოდ, სახალხო დამცველმა პასუხისმგებლობა აიღოს გიორგის ჯანმრთელობაზე”,- განაცხადა პატიმრის დედამ ირმა დავითაძემ.


