ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის გარიგება დაასრულა. ახალი კომპანია Skydance-ის სახელით იმუშავებს. ამის შესახებ Paramount-მა სამშაბათს, 6 ოქტომბერს განაცხადა.
დაახლოებით 110 მილიარდ დოლარად შეფასებული გარიგება, რაც დაახლოებით 98 მილიარდ ევროს შეესაბამება, აშშ-ის ისტორიაში მედიაინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შერწყმად ითვლება.
შერწყმის დასრულების ბოლო დაბრკოლება რამდენიმე დღის წინ მოიხსნა, როდესაც კალიფორნიის მოსამართლემ კომპანიასა და 12 შტატს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. მანამდე ეს შტატები ორი კინოსტუდიის შერწყმას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ეშინოდათ.
საბოლოოდ Paramount-მა, რომელსაც 2025 წლიდან ტექნოლოგიური მილიარდერის, ლარი ელისონის ოჯახი აკონტროლებს, აიღო ვალდებულება, დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს აშშ-ში კინოწარმოებაში.
შესაძლო გავლენა CNN-ზე
ახლა ახალ კომპანიას რთული ინტეგრაციის პროცესის გავლა და ათობით მილიარდი დოლარის ოდენობის დავალიანების გასტუმრება მოუწევს. ჰოლივუდში შიშობენ, რომ შერწყმას სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება მოჰყვება, აშშ-ის ლიბერალურ წრეებში კი გარიგების შესაძლო პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობენ.
ლარი ელისონის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებულად მიიჩნევენ.
თავად ელისონი ტექნოლოგიური კორპორაცია Oracle-ის დამფუძნებელია. ეს კომპანია მონაცემთა ბაზებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და აშშ-ის მთავრობის მსხვილი კონტრაქტორია. კერძოდ, Oracle პენტაგონს კრიტიკულად მნიშვნელოვან IT-ინფრასტრუქტურას აწვდის.
ლარი ელისონს არაერთხელ გამოუხატავს საჯაროდ მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მიმართ და მისი საარჩევნო კამპანიისთვის თანხაც შეუწირავს.
შედეგად, Paramount, რომელიც უკვე ფლობს ტელეკომპანია CBS-ს, კონტროლს მოიპოვებს საინფორმაციო არხ CNN-ზეც. დონალდ ტრამპს CNN არაერთხელ დაუდანაშაულებია მისა და მისი ადმინისტრაციის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში.
სწორედ ამგვარი შეშფოთებების გამო გარიგების დასრულების პროცესი 2025 წლის ივლისში ერთი წლით შეჩერდა – 12 შტატის, მათ შორის კალიფორნიისა და ნიუ-იორკის, პროტესტის საფუძველზე.


