ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკისადმი ღია პროტესტი უწოდა.
ლავროვის თქმით, კიევი უარს ამბობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ენერგეტიკულ შეთანხმებებთან შეგუებაზე და სანაცვლოდ იარაღს ითხოვს:
„ბატონმა ზელენსკიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, ნუ მოაბეზრებენ თავს ამ დიზელის გარიგებით და სჯობს მისცენ Patriot-ის სისტემების რაკეტები, რომელიც მას სჭირდება რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გასაგარძელებლად“ – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზელენსკის ეს რიტორიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება თეთრი სახლის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ენერგეტიკულ გარიგებას და უკრაინას რუსულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ლავროვის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა მორგებული.
„ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია, მაგრამ თავად არავის წინაშე არაფრის ვალში არ არის და არ არის მზად ჩაერთოს რაიმე კონსტრუქციულ ქმედებაში, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თანასწორი იქნება“ – ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო საარჩევნო პროცესსა და ფრონტზე არსებულ ვითარებას, ლავროვმა კატეგორიულად გამორიცხა ზავის დადება, რადგან მიიჩნევს, რომ კიევი ამას ძალების მოსაკრებად გამოიყენებს.
„ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება“ – თქვა ლავროვმა. პრესკონფერენციის დასასრულს კი დასძინა, რომ თუ დასავლეთი და უკრაინა რეალურ წინადადებებზე უარს იტყვიან, საკითხი სამხედრო გზით გადაწყდება: „ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედებების საფუძველზე გადაწყდება“.


